ჩვენ მივესალმებით იმას, რომ ცესკომ მიმართა პროკურატურას, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან მძიმე ბრალდებები გაჟღერდა სალომე ზურაბიშვილისა და სხვა ადამიანების მხრიდან," - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, გივი მიქანაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა
მისი თქმით, ოპოზიციამ უნდა ითანამშრომლოს გამოძიებასთან და არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით შესაბამისი მტკიცებულებები წარმოადგინოს.
"ოპოზიციას მოსწონს თუ არ მოსწონს, ისინი უნდა დაემორჩილონ საქართველოს კანონმდებლობას და იმ რეგულაციებს, რაც ქვეყანაში არის დადგენილი. წინასწარ უნდობლობას რომ უცხადებენ სამართალდამცავ ორგანოებს თუ შეთავაზებულ კონკრეტულ ფორმატებს, ეს მიუთითებს იმაზე, რომ მათ წარსადგენი არაფერი არ აქვთ. 2021 წელს სწორედ "ქართული ოცნების" ინიციატივით, პარლამენტში შეიქმნა დროებითი საგამოძიებო კომისია, მე ვიყავი ამ კომისიის თავმჯდომარე და არაერთი მოწოდების მიუხედავად, ისინი არ შემოვიდნენ კომისიაში და, უფრო მეტიც, ერთი კონკრეტული მტკიცებულებაც კი არ წარმოადგინეს დარღვევებთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ფიზიკურად ასეთი არ არსებობდა.
ახლაც იგივე სურათით მივდივართ. ჩვენ მივესალმებით იმას, რომ ცესკომ მიმართა პროკურატურას, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან მძიმე ბრალდებები გაჟღერდა სალომე ზურაბიშვილისა და სხვა ადამიანების მხრიდან. მათ განაცხადეს, რომ არჩევნები გაყალბდა, ამიტომ თუ ეს ასეა, ნება იბოძონ, მიბრძანდნენ პროკურატურაში ნებისმიერი ადამიანი, რომელიც აცხადებს და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ არჩევნების ლეგიტიმურობას, ვალდებულია, რომ ითანამშრომლოს სამართალდამცავ ორგანოებთან და წარუდგინოს მტკიცებულება, რომელიც ამას რაიმე ფორმით მაინც ადასტურებს. მხოლოდ განცხადებების გაკეთება და შემდგომში პასუხისმგებლობისგან "ხელის დაბანა" არ გამოვა, იმიტომ რომ აქ საუბარი არის საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობაზე. მინდა სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ პირველ რიგში, ჩვენი ინტერესი არის ყველა საკითხი იქნას დეტალურად გამოძიებული, რომ არ დარჩეს არანაირი კითხვის ნიშანი, როგორც ჩვენს საზოგადოებაში, ასევე ჩვენს პარტნიორებში. არჩევნები შედგა, ამას აღიარებს საერთაშორისო საზოგადოება და ეუთო/ოდირის მიერ გაკეთებული განცხადება პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ არჩევნები შედგა და ეს იყო კონკურენტუნარიანი არჩევნები," - განაცხადა გივი მიქანაძემ.