გამოძიებას აწარმოებენ ქართველი და ევროპელი სამართალდამცავები, მათ ბოლო კვირის განმავლობაში არაერთი ქოლცენტრი გამოავლინეს. კერძოდ, მტკიცებულებები თუ როგორი მაქინაციებით და კრიმინალური გზით ხდება ფულის მოპოვება. ეს არის ის გზა, რითაც ოპოზიცია იღებს დაფინანსებას. საზოგადოებისთვის ცალსახად ნათელია, რომ ოპოზიციის ერთ-ერთი დაფინანსების წყარო არის კრიმინალური, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
„ჩვენ გამოძიების საბოლოო შედეგებს უნდა დაველოდოთ, თუმცა კონკრეტული ფაქტები არსებობს და BBC-მ გამოძიების შედეგები წარმოადგინა, რაც ცხადყოფს, რომ ქოლცენტრები არის ის სქემა, რითაც ოპოზიცია დაფინანსებას იღებს. ოპოზიციის მცდელობაა, რომ ახლა როგორმე ეს საკითხი გადაფაროს. ამიტომ ითხოვენ დროებით საგამოძიებო კომისიას, რაც აბსურდული და უსაფუძვლოა. მათი მიზანია, როგორმე კეზერაშვილმა იმ მტკიცებულებების შესახებ შეიტყოს, რომელიც მის წინააღმდეგ არსებობს და ამ საგამოძიებო კომისიამ ამას ხელი შეუწყოს. პარლამენტი არ არის საგამოძიებო ორგანო, ჩვენ სამართალდამცავი სტრუქტურების მიმართ სრული ნდობა გვაქვს. ნახეთ, რომ არის მაღალი ხარისხის ეფექტიანი თანამშრომლობა ქართველ და ევროპელ სამართალდამცავებს. ეს გამოძიება ბოლომდე არ არის დასრულებული და ამ გამოძიების შედეგებს დაველოდებით“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.