ცალსახად გეტყვით, რომ დღევანდელი დაფინანსების მოდელი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, რადგან ეს მოდელი აბსოლუტურად არ ამართლებს. ჩვენ გვაქვს აბსოლუტური ხედვა იმისა, რომ სწორედ მოცემულობიდან გამომდინარე, დაკვეთა რაზეც იქნება, იმ მიმართულებით განხორციელდეს ფინანსური უზრუნველყოფა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

მინისტრი უნივერსიტეტებში ფაკულტეტების ოპტიმიზაციის საკითხთან დაკავშირებით, კრიტიკოსთა მოსაზრებას გამოეხმაურა. კითხვაზე, გამოითქვა მოსაზრება, რომ აღნიშნული ნაბიჯი უნივერსიტეტებს დაფინანსების მნიშვნელოვან წყაროს გამოაცლის, რაც კრიტიკოსთა აზრით, უნივერსიტეტების ავტონომიურობას შეზღუდავს, მიქანაძემ აღნიშნა, რომ ამ მოსაზრებას ვერ გაიზიარებს.

„ვერ გავიზიარებ, ეს არის აბსოლუტურად არასწორი ფორმულირებით წარმოჩენილი. ალბათ, მიზანმიმართული, კიდევ ერთი მცდელობა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. ცალსახად გეტყვით, რომ დღევანდელი დაფინანსების მოდელი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, რადგან ეს მოდელი აბსოლუტურად არ ამართლებს. ჩვენ გვაქვს აბსოლუტური ხედვა იმისა, რომ სწორედ მოცემულობიდან გამომდინარე, დაკვეთა რაზეც იქნება, იმ მიმართულებით განხორციელდეს ფინანსური უზრუნველყოფა, თუმცა ამავდროულად, სახელმწიფო იღებს თავის თავზე სრულ პაკეტს, რაც ნიშნავს იმას, რომ ინფრასტრუქტურა მთლიანად განვითარებული იქნება, მატერიალურ ტექნიკური ბაზა იქნება უზრუნველყოფილი და ამას დაემატება ის გარემოება, რაც პროფესორ-მასწავლებლებთან დაკავშირებულ კომპონენტს ეხება.

დღეს ჩვენ, სამწუხაროდ, არ გვაქვს იმის შესაძლებლობა სახელმწიფო უნივერსიტეტებში არსებული დაფინანსებით, რომ უზრუნველყოფილი იყოს ერთი პროფესორის ადგილზე კონკრეტულ უნივერსიტეტში დამაგრება. ამ განახლებული დაფინანსებით, პრემიერმა განაცხადა ამის შესახებ, სრული პროფესორისთვის, მინიმუმ, 10-ათასლარიან ხელფასზეა საუბარი. ამავდროულად უნდა იყოს წახალისების მექანიზმები, რამდენ სტატიასაც გამოაქვეყნებს“, - განაცხადა მიქანაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულის გარდა, დამატებითი მოტივატორი იქნება ასევე სახელმძღვანელოს დაწერისთვის, პუბლიკაციებისთვის და სხვა.

„იქნება ერთგვარი სქემა, რომელიც იქნება წამახალისებელი და რაც მთავარია, შტატში იქნება ეს ადამიანი. სრული პროფესორი, ასისტენტ პროფესორი და ასევე, ასოცირებული პროფესორი, ეს ყველა ადამიანი მიმაგრებული იქნება ერთ კონკრეტულ უნივერსიტეტზე. არ იქნება საჭიროება, რომ ერთი და იგივე ადამიანი ორ-სამ უნივერსიტეტში ასწავლიდეს, რაც რა თქმა უნდა, დაბალ ხარისხზე უზრუნველყოფს, შედარებით და ისინი ძირითადად, თავის საქმეზე იქნებიან ორიენტირებული“, - განაცხადა მიქანაძემ.