უკრაინელ ჟურნალისტთან, დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში გიული ალასანიამ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის საკითხზე ისაუბრა.
ინტერვიუს დროს, გორდონმა გიული ალასანიას მიმართა: „მე მოგიყვებით ერთ ისტორიას, რომელიც ალბათ არავისთვის მითქვამს. მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე გვითხრა, რომ აპირებდა გამგზავრებას. მას ვუთხარი, ასე როგორ, შეიძლება, დაგაკავონ. მან მითხრა, შეიძლება, მომკლან კიდეც, მაგრამ მე რევოლუციონერი ვარ და ყოველთვის მზად ვარ დაკავებისა და სიკვდილისთვის. თქვენ, როგორც დედამ, იცით მისი ხასიათი“.
გიული ალასანას თქმით, მიხეილ სააკაშვილის ხასიათი იცის, მაგრამ, ჩვეულებრივ, ეს ავანტიურები მისთვის კარგად მთავრდებოდა.
„სირთულეები გაიარა, მაგრამ ყველაფერი რაღაცნაირად გამოვიდა, ახლა ძალიან რთულად გამოვიდა“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
გორდონმა გიული ალასანიას ჰკითხა: „იცით, მე მას ვარწმუნებდი და მივიჩნევდი, რომ შეუძლებელი იყო, არ შეძლებოდა, რადგან ციხეში ჩასვამდნენ, მაგრამ ის დარწმუნებული იყო, რომ როგორღაც ყველაფერი გამოუვიდოდა. არ გეჩვენებათ, რომ ის სპეციალურად მოატყუეს?“
გიული ალასანიამ ამ კითხვაზე უპასუხა, რომ გამორიცხული არაფერია.
„მახსოვს, მას ძალიან უნდოდა ჩამოსვლა. მასთან ხშირად ვიყავი კიევში და როდესაც ვუყურებდი ბოლო თვეების განმავლობაში, უკვე ისეთ მდგომარეობაში იყო, ისეთი განცდა ჰქონდა, რომ ადგილი ვერ იპოვა. ბოლო დღეებში მასთან როცა ჩავედი, მასთან ერთად ვაპირებდი დაბრუნებას. ბილეთებიც კი ავიღეთ ერთად. ჩემი ძმა ნიუ-იორკიდან ჩამოფრინდა და ერთად ვაპირებდით მის დარწმუნებას, თუმცა ყველაფერი ისე მოაწყო, რომ ერთი სიტყვაც არ გვათქმევინა. სადღაც გაუჩინარდა, შემდეგ დილიდან ისევ სადღაც გაუჩინარდა. შემდეგ მისგან მივიღე შეტყობინება, რომ დავრჩენილიყავით ადგილზე ორი დღე და საბოლოოდ ეს ფოტოები გავრცელდა“, – განაცხადა გიული ალასანიამ.