რა დადებითი შედეგი ექნება Trump Tower-ის მასშტაბურ პროექტს თბილისში? - ტრამპის ოჯახის სახით, საქართველოში უმსხვილესი ინვესტორის შემოსვლაზე, მმართველ გუნდში კიდევ ერთხელ საუბრობენ. "ქართული ოცნება" აღნიშნულ გადაწყვეტილებას, ეკონომიკურთან ერთად, პოლიტიკურადაც მნიშვნელოვნად მიიჩნევს.

"მშენებლობას, რასაკვირველია, საგანგებო მნიშვნელობა აქვს, ეკონომიკური და ბიზნესის თვალსაზრისით და არამარტო რეგიონისთვის, მთელი მსოფლიოსთვის საქართველო კვლავ გახდება საყურადღებო და მიმზიდველი. ჩატარებული კვლევები მიუთითებენ იმას, რომ საქართველოში ინვესტიცია მომგებიანია. ასევე, საქართველომ შეინარჩუნა სტაბილურობა ამ ხნის განმავლობაში. საქართველოში დაცულია ბიზნესმენის საკუთრება. ნდობა დიდია საქართველოს მიმართ და, ამასთანავე, ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ეს არის დამატებითი სამუშაო ადგილები, რასაც საგანგებოდ უნდა გავუსვათ ხაზი," - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.

თბილისში დაგეგმილი ახალი პროექტის, შესახებ პირველად ამერიკულმა პრესამ დაწერა, მალევე მას მოჰყვა ოფიციალური განცხადება უშუალოდ Trump Organization-ის მხრიდან. ტექსტში წერია, რომ ცათამბჯენი თბილისში ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად აშენდება. პროექტს არქიტექტურული გიგანტი "გენსლერი" დააპროექტებს და ის მაღალი კლასის რეზიდენციებს, სავაჭრო და დასასვენებელ სივრცეებს გააერთიანებს.