"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე პარლამენტის საგამოძიებო კომისიას პენიტენციური დაწესებულებიდან პასუხობს
"წულუკიანს, რომელსაც საკუთარ სასამართლოში მოსვლისაც კი ეშინია, ისევ დავუბარებივარ ე.წ. კომისიაზე.
კარგად გაიგონ, ფარსში მონაწილეობას არ ვაპირებ არც ახლა, არც მერე ამიტომ ბრძოლა ღირსებით და ბოლომდე!" - წერს გიორგი ვაშაძე "ფეისბუკში".
ცნობისთვის, ხვალ, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ციხიდან გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიასა და მამუკა ხაზარაძის ჩართვაა დაგეგმილი
შეგახსენებთ, 2025 წლის 13 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ, ნიკა გვარამიას შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა. ის სასამართლო პროცესზე არ გამოცხადებულა. თვითონ მივიდა პენიტენციურ დაწესებულებაში და გირაოს გადაუხდელობის გამო რუსთავის ციხესთან დააკავეს.
2025 წლის 17 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახედ 30 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. თანხის გადახდის ვადა 7 ივნისს ამოიწურა.
2025 წლის 23 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძემ "ლელოს" ლიდერს მამუკა ხაზარაძეს რვა თვით პატიმრობა შეუფარდა და ორი წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა.
23 ივნისს მამუკა ხაზარაძე "ლელოს" ოფისში დააკავეს.
საქართველოს პარლამენტის „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო მამუკა ხაზარაძის საქმე პროკურატურაში 25 მარტს გადაიგზავნა. პირველ აპრილს მამუკა ხაზარაძეს ბრალდება წარუდგინა. ხაზარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რაც კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.
ბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე, 2025 წლის 2 აპრილს მამუკა ხაზარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახედ 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
2025 წლის 25 ივნისს გიორგი ვაშაძე დააპატიმრეს - თბილისის საქალაქო სასამართლომ "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე7 თვით პატიმრობა შეუფარდა. ასევე მას აეკრძალა ორი წლით თანამდებობის დაკავება.