ევროპარლამენტის დღევანდელი რეზოლუცია არის კიდევ ერთი წარმატება და პასუხი ყველასთვის, რომ საერთო ბრძოლას და ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს. ეს რეზოლუცია არის ქართველი ხალხის უწყვეტი წინააღმდეგობის შედეგი. – ამის შესახებ ნათქვამია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პოსტში, რომელიც მის ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა.

რეზოლუციაში პირდაპირ წერია, რომ ივანიშვილის რეჟიმი არალეგიტიმურია და მას არ აქვს აღიარება. ევროპამ აღიარა ქართველი ხალხი როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ძალაუფლების წყარო.

ეს დღე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რეჟიმი ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ განულებულია და ვერანაირი ძალადობით ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებს.

შესაბამისად, გამარჯვების ფორმულა არის ერთიანობა, სინდისის პატიმრების გათავისუფლება და ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა.

შემდეგი ნაბიჯი - არალეგიტიმური რეჟიმის სრული ჩამოშლა და ახალი სამართლიანი არჩევნები.
ძალაუფლება უნდა დაუბრუნდეს ხალხს! დროა, საქართველო გათავისუფლდეს. ამ ბრძოლას ჩვენ მოვიგებთ! - წერს გიორგი ვაშაძე "ფეისბუკში". 

შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა შესწორებებით დაამტკიცა საქართველოს შესახებ რეზოლუცია, რომელიც 2023 და 2024 წლებში ევროკომისიის ანგარიშებს ეხება. დოკუმენტს 490-მა დეპუტატმა მისცა ხმა, 147 წინააღმდეგი იყო, 49 ევროპარლამენტარმა თავი შეიკავა.