თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცეპრეზიდენტი გიორგი ტყემალაძე საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“, ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიება, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ იყო ორგანიზებული, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ გახსნეს. მათ საქართველოს ევროკავშირის წევრობის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრეს.
ქვეყნის ევროინტეგრაციის აუცილებლობის შესახებ განცხადება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემაც გააკეთა. როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, წელს საქართველო ევროპის დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით ხვდება, რაც, მისივე თქმით, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„ევროპის დღის აღნიშვნას ამჯერად ჩვენთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რადგან წელს ევროპის დღეს უკვე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით ვხვდებით. საქართველო თავისი თვითმყოფადობით ყოველთვის იყო და იქნება ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილი. ხელისუფლებისა და ხალხის ძალისხმევით, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყანა აუცილებლად გახდება ერთიანი, ეკონომიკურად ძლიერი, ეროვნულ ტრადიციებსა და ქრისტიანულ ფასეულობებზე დაფუძნებული ევროპული სახელმწიფო და სულ მალე, პარტნიორებთან თანამშრომლობით, ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები გავხდებით“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცეპრეზიდენტმა გიორგი ტყემალაძემ მოგვიანებით „ექსპო ჯორჯიაში“ მოწყობილ ათეას სტენდთან გადაინაცვლა, სადაც საკრებულოს წევრი და ათეას აღმასრულებელი დირექტორი ნინო რუხაძეც იმყოფებოდა.
„ექსპო ჯორჯიაში“ მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ საქართველოში ევროკავშირის, ევროპის საინვესტიციო ბანკისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობას გასცნობოდნენ. ღონისძიების ფარგლებში, ევროკავშირის საქმიანობის მთავარი მიმართულებების შესახებ დისკუსია გაიმართა. გარდა ამისა, სხვადასხვა კულტურული ღონისძიებაც ჩატარდა, მათ შორის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების ბენეფიციარების მიერ შექმნილი ხელოვნების ნიმუშებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყო. ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ევროპის დღე, რომელიც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რობერტ შუმანის, 1950 წლის დეკლარაციის პატივსაცემად დაწესდა, საქართველოში უკვე წლებია აღინიშნება.