პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი სიორიძის განცხადებით, "ლელო" საკონსტიტუციო სასამართლოში იქნება წარმოდგენილი და ინსტიტუციური ბრძოლის ყველა პლატფორმას გამოიყენებენ.
"21 ოქტომბრიდან, "ძლიერი საქართველო - ლელო" თავის კვალიფიციური იურისტების გუნდთან ერთად წარმოდგენილი იქნება საკონსტიტუციო სასამართლოში, პარტიების აკრძალვის პროცესზე.
ჩვენ გამოვიყენებთ ინსტიტუციური ბრძოლის ყველა პლატფორმას. საკონსტიტუციო სასამართლო იქნება ტრიბუნა, რომლითაც ვამხელთ "ქართულ ოცნებას". პარტიების აკრძალვა არ ნიშნავს მხოლოდ ორგანიზაციების აკრძალვას ან პოლიტიკოსებისთვის პარტიული საქმიანობის აკრძალვას. ეს ნიშნავს მილიონამდე ამომრჩევლისთვის არჩევანის უფლების წართმევას", - განაცხადა გიორგი სიორიძემ.
შეგახსენებთ: მომდევნო კვირიდან საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის საკითხზე პირველ სხდომას გამართავს. 88 კანონმდებლის სარჩელს შვიდი მოსამართლე სამი დღის განმავლობაში განიხილავს. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად კი, სასამართლოს 9 თვე აქვს.
"ქართული ოცნება" "ნაციონალური მოძრაობის," "ახალის", "ლელოს", "ფედერალისტებისა" და პარტია "საქართველოსთვის" კანონგარეშედ გამოცხადებას ითხოვს.




