მიხეილ სააკაშვილის გარშემო ერთობაში ჩვენს თავს არ ვხედავთ. ეს კითხვაც კი არარელევანტურია. სააკაშვილთან არასოდეს არაფერი გვაკავშირებს. მოვუწოდებთ, ვიდრე მის შიდაპარტიულ კულუარებს გარეთ გამოიტანს, საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა, მათ შორის 4 ოქტომბერზე, – ამის შესახებ „გახარია – საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოსტს, სადაც სააკაშვილი მის წინააღმდეგ კამპანიაში პალიკო კუბლაშვილსა და ნიკა გილაურს ადანაშაულებს.
ცნობისთვის: „ახლა მაინც გვმართებს ყველას საკუთარ შეცდომებზე სწავლა და გაერთიანება. არ უნდა დავემსგავსოთ რუსულ ოპოზიციას, რომელიც პუტინის ოპონირებიდან გადართულია ერთმანეთისთვის ტალახის სროლაზე. მე, ჩემი მხრივ, არაერთხელ დამივიწყებია სხვადასხვა შეტევა ჩემზე. ახლაც შეგნებულად არ დავასახელე რომელიმე მოქმედი პოლიტიკოსი და მომავალშიც მზად ვარ, გადავხაზო ყველა უთანხმოება და სხვებთან ერთად ვკონცენტრირდეთ მომავალზე. ტყუილად კი არ დავაწერე საქართველოს გერბს საკუთარი ხელით – „ძალა ერთობაშია““, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
„არაერთხელ მივუთითეთ, რომ მიხეილ სააკაშვილიც იყო პასუხისმგებელ პირთა სიაში, ვინც 4 ოქტომბრის სპეცოპერაციით „ქართული ოცნება“ გააძლიერა და ლეგიტიმაციის კრიზისის დაძლევის საბაბი გაუჩინა. მის პოსტებს რომ გადახედოთ, დარწმუნდებით, როგორი წვლილი შეიტანა სააკაშვილმა 4 ოქტომბრის სპეცოპერაციის დაგეგმვასა და განხორციელებაში. პარადოქსია, რომ ამის შემდეგ კიდევ სხვაზე საუბრობს. რაც შეეხება გილაურს და 40 მილიონს, ჩვენთვის ეს ახალი არ არის. ერთ-ერთი მთავარი კრიტიკული კითხვა სწორედ ამას ეხებოდა. სააკაშვილის მხრიდან სიახლე არაფერია, ის ყველაფერი დაადასტურა, რაზეც ვსაუბრობდით. სააკაშვილსა და „ნაცმოძრაობას“ ყოველთვის ვემიჯნებოდით, მათ შორის „ახლებს“, რადგან მათი ფრთების ქვეშ არიან“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.






