ამ რეჟიმის პირობებში ყველაფერს ველოდებით, – ასე უპასუხა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი შარაშიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, ელოდება თუ არა, რომ შესაძლოა, მის ლიდერს ბრალი წაუყენონ ჩორჩანის ეპიზოდზე, რადგან კონკრეტული მუხლით საქმე პროკურატურაშიც არის აღძრული.

„ყველაფერს ველოდებით. ეს საქმე თავიდან ბოლომდე არის პოლიტიკური შურისძიების მიზნით შექმნილი და შეკერილი საქმე, მაგრამ ყველაზე სამწუხარო ეს კი არ არის, რადგან ამით მაინც ვერავის შეაშინებენ, მით უფრო გახარიას, ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ „ოცნება“ არის დღეს მზად, საკუთარი ძალაუფლების, ხელისუფლების შენარჩუნების და პოლიტიკური შურისძიების მიზნით სახელმწიფო ინტერესები დააყენოს საფრთხის ქვეშ. იმიტომ, რომ ის საკითხები, რაც იქ განიხილება და რის გამოც ცდილობენ, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბრალი წაუყენონ, რა საქმეა, ვუთხრათ ჩვენს მოქალაქეებს, რა შემთხვევასთან გვქონდა საქმე. ეს იყო ერთ-ერთი გამონაკლისი შემთხვევა, როდესაც საქართველო იდგა მოწოდების სიმაღლეზე, გამოიჩინა სრულიად პრინციპული, ღირსეული პოზიცია და საქართველოს კუთვნილი ტერიტორიები შეინარჩუნა ისე, რომ ამას არ მოჰყოლია არანაირი სამხედრო ესკალაცია, არანაირი სამხედრო დაპირისპირება. ჩვენ ეს შევძელით მშვიდობიანი გზებით, მშვიდობიანი ფორმით“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ. 

ბრალდების წაყენებას რაც შეეხება, მისი თქმით, დღეს ამ პირობებში გამორიცხული არაფერი არ არის, მაგრამ აქ ეს მთავარი არ არის, არამედ ის, რომ საზოგადოებამ დაინახოს, რის გამო უყენებენ ბრალდებას გახარიას.

„აქ საერთოდ გახარიაც არაფერ შუაში არ არის და ვინც არ უნდა ყოფილიყო, არაფერ შუაში არ არის. ჩვენ საქმე გვაქვს შემდეგ გარემოებასთან, რომ დღევანდელი „ოცნება“ ცდილობს, ნამდვილად სახელმწიფოებრივი ნაბიჯი, რაზეც საზოგადოების უდიდესი ნაწილი შეთახმებულია, გაასაღოს მოღალატეობრივ ნაბიჯად“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

 შეკითხვაზე, რას უპასუხებს განცხადებას, რომ პრემიერად გახარიას წარგენა „დიფ სთეითიდან“ მიღებული ზარის შედეგი იყო, გიორგი შარაშიძემ აღნიშნა, რომ ეს აბსურდია და ამაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებს, თუმცა ასეც რომ ყოფილიყო, ეს ნიშნავს, რომ „ოცნება“ იყო ამდენი წლის განმავლობაში ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა, რომელიც ისეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, როგორიც არის უმაღლეს თანამდებობაზე ამა თუ იმ პიროვნების დანიშვნა, თურმე დამოუკიდებლად ვერ იღებდა.

შეკითხვაზე, რა პასუხს გასცემს „ნაციონალური მოძრაობის“ შეფასებას, რომელიც ამ საქმეს გახარიას იძულებად აფასებს, რათა ის თვითმმართველობის არჩევნებში ჩაერთოს, შარაშიძემ განაცხადა, რომ ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს „ნაციონალური მოძრაობის“ ნამდვილ სახეს.

„ნაცვლად იმისა, რომ მათ ასევე ესაუბრათ „ოცნების“ მოღალატეობრივ პოლიტიკაზე, გამოდიან და ისევ ჩვენი პარტიის წინააღმდეგ საუბრობენ. ჯერ ერთი, რა აბსურდთან გვაქვს საქმე. რაში სჭირდება გახარიას და ჩვენს პოლიტიკურ ძალას არჩევნებში ჩართვის იძულება? ჩვენ ბოლო ორ თვეზე მეტია, გამოვდივართ, მათ შორის, თქვენი ეთერის საშუალებით და საზოგადოებას ვაწვდით ინფორმაციას, რომ ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის და არჩევნები ჩვენთვის არის ერთადერთი პოლიტიკური ინსტრუმენტი ხელისუფლების ცვლილების“, – განაცხადა შარაშიძემ.

შეკითხვაზე, არის თუ არა მოსალოდნელი, სწორედ ბოლო დღეებში განვითარებული პროცესებიდან გამომდინარე, მოხდეს პარტიის პოზიციის გადახედვა არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, შარაშიძემ აღნიშნა, რომ ეს არცერთ შემთხვევაში არ მოხდება.

„ჩვენ ეს პოზიცია საკმაოდ მკაფიოდ და მყარად გვაქვს ჩამოყალიბებული. ჩვენ ვიცით, რომ მივდივართ არჩევნებზე, ოღონდ ეს არ გამორიცხავს არც პოლიტიკური პროტესტის შეჩერებას და არც ჩვენს მუშაობას საერთაშორისო პარტნიორებთან. ჩვენთვის არჩევნები არის არა ერთადერთი, არამედ ერთ-ერთი ფრონტი „ოცნების“ რეჟიმის დასასუსტებლად“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.