საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიცირებულ პეტიციაზე მიხეილ სააკაშვილის ხელმოწერა არის, პეტიციას ხელი თავადაც მოაწერა. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.

„მე ვთქვი, რომ ხელს მოვაწერ მარტო იმის შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილს შესთავაზებენ ხელმოწერას ამ პეტიციაზე. მე მიმაჩნია ანომალიად, რომ ქვეყანაში პრეზიდენტს არ მიეცეს შესაძლებლობა თავისი პოზიცია დააფიქსიროს ქვეყნის გეოპოლიტიკური არჩევანის უმნიშვნელოვანეს საკითხთან დაკავშირებით, იქნება ეს მოქმედი პრეზიდენტი თუ ყოფილი პრეზიდენტი. აქ არ აქვს მნიშვნელობა, მოგვწონს თუ არა პოლიტიკოსი. ინსტიტუტების პატივისცემა გულისხმობს არა უბრალოდ პოლიტიკოსების, არამედ ამ ინსტიტუტების დამკავებელი პოლიტიკოსებისთვის შესაძლებლობის მიცემას.

შესაბამისად, მე მომიხდა მცირე ულტიმატუმის - არ მომწონს ეს სიტყვა, მაგრამ გარკვეული მოთხოვნის - წაყენება, რომ მიხეილ სააკაშვილს მისცემოდა ასეთ პეტიციაზე ხელმოწერის უფლება და მიხეილ სააკაშვილის ხელმოწერა დღეს არის ამ პეტიციაზე, მე მიმაჩნია, რომ ეს იყო სწორი მოთხოვნა ჩემი მხრიდან და ეს მოთხოვნა შესრულდა. ბუნებრივია, ჩემი ხელმოწერაც არის ამ პეტიციაზე", - განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა, კამპანიის „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში, დიპლომატიური კორპუსისა და პოლიტიკოსებისთვის დასკვნითი ღონისძიება გამართა.