რატომ არ შეიძლება ქალბატონმა პრეზიდენტმა ერთი დღით შეუწყვიტოს პატიმრობა მიხეილ სააკაშვილს და მიიწვიოს თავისთან სასახლეში, - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაძემ განაცხადა.
„მიმაჩნია, რომ ცოტა უცნაური იქნება მიხეილ სააკაშვილს არ შესთავაზონ პეტიციაზე ხელის მოწერა. მიხეილ სააკაშვილის მთავრობაში მე არ ვყოფილვარ არცერთ თანამდებობაზე და მასთან პოლიტიკურად დაპირისპირებული ვიყავი ყოველთვის, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი იყო საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ნამდვილად ვერ დააბრალებ მიხეილ სააკაშვილს არაპროდასავლურობას. მიხეილ სააკაშვილს უნდა შეეთავაზოს ამ პროცესში მონაწილეობის მიღება, იმიტომ რომ მას ჰქონდა სტატუსი მესამე პრეზიდენტის. მეტიც, თუ მართლა რაღაცა პრეცედენტის შექმნა გვინდა, მართლა გვინდა, რომ ევროპას გზავნილი გავუგზავნოთ, გზავნილი დეპოლარიზაციის, გზავნილი ამ თემაზე ერთიანობის, რატომ არ შეიძლება ქალბატონმა პრეზიდენტმა გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება და ერთი დღით შეუწყვიტოს პატიმრობა ბატონ მიხეილ სააკაშვილს და მიიწვიოს თავისთან სასახლეში. პრეზიდენტს ნებისმიერი ფორმით აქვს უფლება სასამართლოს ვერდიქტი შეცვალოს. რადგან შეწყალება საერთოდ არ უნდა, ერთი დღით თქვას, რომ ეს კაცი თავისუფალია და ასეთ შემთხვევაში ბატონ მიხეილს ვთხოვდი გვერდით გადადოს თავისი ყველა საქმე და სამშობლოსთვის, იმ ევროპული არჩევანისთვის, რომლისთვისაც იბრძოდა, ჩემთან ერთად მივიდეს ამ ღონისძიებაზე და ხელიც მოაწეროს იქ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა „ფორმულას“ ეთერში.
"ჩვენი ხმა ევროპას" - საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პეტიცია დააინიცირა. ის ევროპელ ლიდერებს მიმართავს და დეკემბრის ისტორიულ გადაწყვეტილებამდე სთხოვს, საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის დასკვნამდე 2 დღით ადრე, 13 დეკემბერს კამპანიის "ჩვენი ხმა ევროპას" ფარგლებში შეგროვებულ ხელმოწერებს ადმინისტრაციაში შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გადასცემს.
ევროკავშირის ქვეყნებში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრის დროს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ღონისძიების დახურვის ცერემონიაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც მიიწვია, მათ შორის, მოქმედი და ყოფილი პრემიერები, მინისტრები.