ცესკო-ს ინიციატივით, დაწესდა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღე და მისი აღნიშვნის თარიღად 22 ნოემბერი განისაზღვრა. ინფორმაციას ამის შესახებ ცესკო ავრცელებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, 22 ნოემბერი თითოეული საარჩევნო ადმინისტრატორის პროფესიული დღეა და მისი დაწესება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საარჩევნო ადმინისტრაციის ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და პროფესიული საქმიანობის დაფასების მიმართულებით. მისი თქმით, ამ დღის აღნიშვნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რადგან, არჩევნების ორგანიზებასთან ერთად, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი საარჩევნო კულტურის განვითარება, ინსტიტუციური მეხსიერების შენარჩუნება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. აღნიშნული თარიღი არა მხოლოდ სიმბოლურ, არამედ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო და ინსტიტუციურ დატვირთვასაც ატარებს.

როგორც გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, პროფესიულ დღედ 22 ნოემბრის განსაზღვრა ქვეყნის საარჩევნო ისტორიის უმნიშვნელოვანეს მოვლენას უკავშირდება: 1918 წლის 22 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ დაამტკიცა კანონი „დებულება დამფუძნებელი კრების არჩევნებისა“. აღნიშნულმა საკანონმდებლო აქტმა საფუძველი ჩაუყარა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების არჩევნების ორგანიზებას. ამასთან, საარქივო მასალების თანახმად, სწორედ 1918 წლის 22 ნოემბერს დამფუძნებელმა კრებამ აირჩია ცენტრალური საპარლამენტო საარჩევნო კომისიის პირველი შემადგენლობა.

„ჩვენ ახლა ეროვნულ სასახლეში ვიმყოფებით, რადგან სწორედ ამ შენობაში, 1918 წლის 22 ნოემბერს მიიღეს პირველი ქართული საარჩევნო სამართლებრივი აქტი – საქართველოს ეროვნულმა საბჭომ დაამტკიცა კანონი ,,დებულება დამფუძნებელი კრების არჩევნებისა”. ეს ისტორიული თარიღი გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის ხმა და მათი არჩევანის თავისუფლება. სწორედ ამიტომ, ამ მნიშვნელოვან ისტორიულ საფუძველზე დაყრდნობით, 2026 წლიდან ჩვენ ვამკვიდრებთ ახალი ტრადიციას – ყოველწლიურად აღვნიშნოთ „საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღე“. ეს არ არის მხოლოდ ისტორიული თარიღის აღნიშვნა. ეს არის ჩვენი ქვეყნის საარჩევნო მემკვიდრეობის შენარჩუნება, იმ ადამიანების შრომის პატივისცემა და დაფასება, რომლებიც ამ პროცესის განვითარებაში იღებდნენ მონაწილეობას. და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მომავალი თაობებისთვის ამ ღირებული ისტორიის გაზიარება. გვჯერა, რომ ისტორიის ცოდნა გვაძლევს შესაძლებლობას ღირსეულად ვცეთ პატივი ჩვენს წარსულს, უკეთ გავიაზროთ დღევანდელი პასუხისმგებლობა და მომავლის მნიშვნელობა“, – აღნიშნა კალანდარიშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში ცესკოს თავმჯდომარემ მოწვეულ სტუმრებს პრეზენტაცია „1918 წლის დებულებიდან თანამედროვეობამდე“ წარუდგინა. პრეზენტაცია საქართველოს საარჩევნო სისტემის ისტორიულ განვითარებას, მის სამართლებრივ საფუძვლებსა და საარჩევნო ადმინისტრირების ევოლუციას შეეხებოდა. ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა დაჯილდოების ცერემონია იყო. გიორგი კალანდარიშვილმა და ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობისთვის 49 საარჩევნო მოხელეს სპეციალური მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

პროფესიული დღის აღსანიშნავად ღონისძიება ეროვნულ სასახლეში გაიმართა და ის საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნეს და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ცესკო-ს, უსკო-ს, საოლქო საარჩევნო კომისიების, ცესკოს სწავლების ცენტრის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების, პარტნიორი სახელმწიფო უწყებებისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები.

ინფორმაციას ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.