ყველა ობიექტური შეფასების პირობებში, რა თქმა უნდა, იმთავითვე ცხადია ის, რომ როგორც წინასაარჩევნო პერიოდი, ასევე კენჭისყრის დღე სრულად დაცლილია მანიპულაციების სივრცისგან, - განაცხადა გადაცემა „ქრონიკაში“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა.

„ჩვენ, ინსტიტუცია, ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი გამჭვირვალობით, საჯაროობით, ღიაობით, ინკლუზიური პროცესის ხელშეწყობით იმისთვის, რომ ეს არჩევნები მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად იყოს ადმინისტრირებული. რა თქმა უნდა, ვიმყოფებით მჭიდრო კოორდინაციასა და კომუნიკაციაში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან.

ალბათ, ნახავდით კიდეც რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის შეფასებას, ნახავდით ასევე ეუთო/ოდირის შუალედურ ანგარიშს, რომელიც წინა დღეებში გამოქვეყნდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ობიექტური შეფასების პირობებში, რა თქმა უნდა, იმთავითვე ცხადია ის, რომ როგორც წინასაარჩევნო პერიოდი, ასევე კენჭისყრის დღე სრულად დაცლილია მანიპულაციების სივრცისგან. ზუსტად ამ მიზნით ჩვენ, ჯერ კიდევ წელიწად ნახევრით ადრე დავიწყეთ შესაბამისი სამუშაოების განხორციელება, მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო დონეზე საფუძველი ჩაეყარა არჩევნების მოდერნიზების, კენჭისყრის დღის გარკვეულ ცვლილებებს, რომელმაც, ფაქტობრივად პასუხი გასცა ყველა იმ წუხილსა თუ გამოწვევას, რომელიც აქამდე ინსტიტუციის წინაშე არსებობდა.

შესაბამისად, სამზადისი, ინფორმირების კამპანიები, საგანმანათლებლო კამპანიები, შესაძლებლობების განვითარება, სამუშაო პლატფორმების შექმნა, ინკლუზიური პროცესი, ჩართულ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობა, ჩვენი ღიაობა და საჯარო საქმიანობა, ისევე, როგორც კენჭისყრის დღეს მთელი რიგი მექანიზმების არსებობა, რომელიც აზღვევს პროცესს მანიპულაციებისგან, გვაძლევს ჩვენ იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ობიექტური შეფასების პირობებში, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იქნება მაღალპროფესიულ დონეზე ადმინისტრირებული“, - აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.