ეუთო/ოდირის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებში გაკეთებულ შეფასებებსა თუ მიგნებებში ცალსახად წერია ერთი რამ, რომ არჩევნების ადმინისტრირება ტექნიკური თვალსაზრისით განხორციელდა კარგად, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა.
„სამწუხაროდ, პოლიტიკურ შეფასებაში ვერ და არ შევყვებით ჩართულ მხარეებს. ეს არის მათი პოზიცია, მათი შეხედულებები, თუმცა, მეორეა რას ეფუძნება ეს ყველაფერი. ჩვენთვის, ადმინისტრაციისთვის, როგორც დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოსთვის, მნიშვნელოვანია ჩართული მხარეების შეფასებები. ამ შემთხვევაში ვსაუბრობ ეუთო/ოდირის, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებაზე, რომელთა დასკვნებში, გაკეთებულ შეფასებებსა თუ მიგნებებში ცალსახად წერია ერთი რამ, რომ არჩევნების ადმინისტრირება ტექნიკური თვალსაზრისით განხორციელდა კარგად. მრავალი წელია, რაც როგორც ქვეყნის შიგნით ჩართული მხარეები, ასევე ქვეყნის გარეთ ყოველთვის განსაკუთრებული მოლოდინით ელოდებიან ხოლმე ეუთო/ოდირის დასკვნებს. აქ რა თქმა უნდა არაა საუბარი მხოლოდ არჩევნების ადმინისტრირებაზე, ამ ყველაფერს კომპლექსურად უნდა შევხედოთ. იქ იყო გარკვეულ წუხილებზე, მიგნებებზე, რეკომენდაციებზე საუბარი. არა მხოლოდ ეუთო/ოდირის, არამედ, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებშიც, თუმცა, ცალსახად ყველგან გამოხატულია კარგად ადმინისტრირების ხარისხი“, - აღნიშნა კალანდარიშვილმა.
მან ასევე ისაუბრა პოსტ-საარჩევნო პერიოდში გაჟღერებულ ბრალდებებზე და მათზე რეაგირებაზე.
„გარდა ამისა, პოსტ-საარჩევნო პერიოდში მრავლად გვესმოდა ბრალდებები, მაგრამ, რეალურად არ გვინახავს ისეთი ხელშესახები გარემოება, რომელიც იტყოდა და მიუთითებდა რაიმე სისტემურ დარღვევასა და გადაცდომაზე. სადაც კი არსებობდა, წარდგენილი იყო შესაბამისი საჩივრები, განცხადებები, განხორციელდა სათანადო რეაგირება. ასევე, პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება შესაძლო დანაშაულებთან მიმართებაში და რა თქმა უნდა, ყველა ჩართულ მხარეს აქვს შესაძლებლობა, რომ თუკი ვინმეს რაიმე გადაცდომაზე აქვს მტკიცებულება და ფაქტი, წარადგინონ და ხელი შეუწყონ ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას, რათა საზოგადოებას სწორი ინფორმაცია ჰქონდეს საარჩევნო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან მიმართებით“,- განაცხადა კალანდარიშვილმა.