ორმხრივ სანქციებთან დაკავშირებული უამრავი მოთხოვნა ჰქონდა „ლელოს“, ახლა უარყოფენ, რადგან რომ აღიარონ, ფაქტობრივად, დაეთანხმებიან ჩვენს სასარჩელო მოთხოვნას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა განაცხადა.
მისი თქმით, „ლელოს“ წარმომადგენლები ბევრ ტყუილს ამბობენ და, მათ შორის, სანქციებზე განცხადებაც სწორედ ამ ტყუილების გამოვლინებაა.
„სასამართლო პროცესზე „ლელომ“ თქვა, რომ საქართველოსთვის არ მოუთხოვიათ, რუსეთს ორმხრივი სანქციები დაუდგინეთო, ისინი მხოლოდ საერთაშორისო სანქციებზე მიერთებას მოითხოვდნენ. ვითომ ასეთი პოზიცია ჰქონდათ, რაც არათუ ტყუილია, არამედ საზოგადოებას ახსოვს, რომ, ფაქტობრივად, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მთელი მათი პოლიტიკა აგებული იყო იმაზე, რომ საქართველოს სთხოვდნენ ორმხრივი სანქციების დაწესებას.
უფრო მეტიც, 2024 წლის წინასაარჩევნო პროგრამა მთლიანად ამაზე ჰქონდათ აგებული, რომ რუსეთის მიმართ ორმხრივი სანქციების დადგენას მოითხოვდნენ. საუბრობდნენ, რომ საერთოდ უვიზო რეჟიმი უნდა გაუქმებულიყო, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლა ძალიან მკაცრად უნდა გაკონტროლებულიყო, რუსული ნომრით მანქანების შემოსვლა აკრძალულიყო და ა.შ. ორმხრივ სანქციებთან დაკავშირებული უამრავი მოთხოვნა ჰქონდათ. ახლა ამას უარყოფენ, რადგან ეს რომ აღიარონ, იქნება ერთ-ერთი მომენტი, რაზეც სწორედ ჩვენს სარჩელშია მითითებული და, ფაქტობრივად, ისინი დაეთანხმებიან სასარჩელო მოთხოვნას“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დღეს გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს და პარტია „ლელოს“ წარმომადგენელთა განცხადებებს: 2022 წელს ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ ნაცვლად „უცხო ძალების სამსახურში მყოფი ეს ჯგუფი რომ ყოფილიყო“, საქართველოში ომი აუცილებლად იქნებოდა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ბათუმის პროცესი“ მართლაც იქცა ქართულ „ნიურნბერგის პროცესად“, მთელი საზოგადოება თავისი თვალით ხედავს საკუთარი სამშობლოს წინაშე დამნაშავეების სასოწარკვეთილ თავის მართლებას“.








