გუშინდელი აქციის დაშლა არც ლეგიტიმური იყო და არც პროპორციული, არავინ არსად შევარდნას არ ცდილობდა, პოლიციამ სპეციალური საშუალებები უკანონოდ გამოიყენა, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადადა აღნიშნა, რომ დღევანდელ აქციაში მონაწილეობას მიიღებს.

 „გუშინდელი აქცია იყო მშვიდობიანი, ის სპეციალური საშუალებები, რომლებიც გამოიყენა პოლიციამ, იყო უკანონოდ გამოყენებული, რადგან გუშინდელი აქციის დაშლა არც ლეგიტიმური იყო და არც პროპორციული. არავინ არსად შევარდნას არ ცდილობდა, არვინ არავის თავს არ დასხმია, არავის არავინ არსაიდან არ გამოუტაცებია, ადამიანები ემოციურად გამოხატავდნენ თავის ნებას და ჩვენ საქართველოს კონსტიტუციით ამის უფლება გვაქვს. როდესაც ყველანაირი მიზეზის გარეშე არაპროვოცირებულად პოლიცია იწყებს მასების დაშლას და იყენებს სპეციალურ საშუალებებს, ეს არამხოლოდ არაპროპორციულია, ეს არის უკანონო, ეს პოლიციამ ძალიან კარგად იცის. შინაგან საქმეთა მინისტრი მეც ვიყავი, არასდროს ყოფილა არცერთი აქციის პირობებში, რომ ერთ ნიღბის გარეშე პოლიციელს ვერ იპოვი აქციაზე. ეს წარმოუდგენელი რამეა, ადამიანს რაღაც რომ დასჭირდეს, ერთ პატრულის თანამშრომელს ნიღბის გარეშე ვერ იპოვიდი, ეს რა უბედურებაა.

როგორ და როდემდე შეიძლება ჩვენი შვილები სცემონ ვიღაც ნიღბიანმა პოლიციელებმა, რომლებსაც არანაირი საიდენტიფიკაციო ნიშნები არ აქვთ. ეს არის ჩვეულებრივად ადამიანების მიშვება ველურ გარემოში ყველანაირი შეზღუდვების გარეშე. ეს წარმოუდგენელი რამეა. ეს ხომ არ არის სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები, გედედეს აქვს თავისი აღჭურვილობა და იქ შეიძლება სახე დაფარული იყოს, მაგრამ როგორ შეიძლება აქციაზე, სადაც სამოქალაქო მშვიდობაა დასაცავი და უსაფრთხოება და ჯანმრთელობა ადამიანების, ერთ პატრულის თანამშრომელს ვერ იპოვი ნიღბის გარეშე. ასეთი რამ არასდროს ხდებოდა ამ ქვეყანაში. ყველა ნიღბით, რაც პირდაპირ ნიშნავს დაუსჯელობის სინდრომს. მე ყველა კეთილსინდისიერ პოლიციელს, ყველა იმ ადამიანს, რომლებსაც უშენებია, უბრძოლია ამ ქვეყნის სუვერენიტეტისთვის, დამოუკიდებლობისთვის და კიდევ ბევრს იბრძვის და იბრძოლებს, მინდა ვთხოვო, რომ ეს ჩვენი ხალხია, საქართველოს მოქალაქეები არიან, მათ უნდა გავუფრთხილდეთ. ჩვენი მოვალეობა ყოველთვის იყო ამ ხალხის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. მშვიდობიან აქციაზე გამოსული ადამიანები მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაცას სკანდირებენ, ან ერთი-ორი ბოთლი ისროლეს ან ვიღაცას შეაგინეს თუნდაც, ამის გამო აქციის დაშლა ნიღბებით და სპეციალური საშუალებების გამოყენება, ეს ყველანაირ ზღვარს მიღმაა, კანონს კი არა, მორალს მიღმაა“, – განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, მიღწეული უნდა იქნას ახალი არჩევნების თარიღი.

„უნდა მოვითხოვოთ და მივაღწიოთ ახალი არჩევნების თარიღს, რადგან ეს სასულეები ახლა რასაც ბოდავენ, ხვალ შეიძლება აბსოლუტურად საპირისპირო რამეზე დაიწყონ ბოდვა. როდემდე უნდა იყოს ტყვეობაში ქვეყნის, ჩვენი ახალგაზრდების მომავალი. მერე საღამოს გავლენ დათვრებიან, ერთმანეთს გაამხნევებენ და იტყვიან მაგარი ბიჭები არიან, მერე დილით მოვლენ და წაშლილი სახეებით ბრიფინგებს ჩაგვიტარებენ. სასაცილოა ეს ყველაფერი. ეს დასამთავრებელია, ქვეყნის მომავალს ვკარგავთ. გუშინ წავიკითხე ასევე, ჩვენ სამი პირობა შევასრულეთო ახლა მეოთხე პირობაო, ველოდებით უკრაინაში ომის დამთავრებასო, თითქოს უკრაინაში ომის დამთავრება ან კობახიძეზე ან ივანიშვილზე იყოს დამოკიდებული. სასაცილოები არიან“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.