2024 წლის დეკემბრის აქციებზე აკრძალული ნივთიერება არ გამოყენებულა - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება ამ მიმართულებით დასრულებულია. დადგინდა, რომ "ბრომ ბენზილ ციანიდი", იგივე "კამიტე" შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუძენია". 2024 წელს "ქლორ ბენზილ-დინ მალო ნონი ტრილი", მის გამხსნელად კი "პროპილენ გლიკოლის" ხსნარი გამოიყენეს, მათგან არცერთი აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიაში არ არის. სუს-მა დაკითხა ყველა, ვის ე.წ. დასკვნებსაც ბრიტანული მაუწყებელი დაეყრდნო. ყველა მოწმე უარყოფს, რომ მათი ინფორმაციები მომწამვლელ ნივთიერება "კამიტს" ეხებოდა.

გამოკითხულია გამოძიებისთვის საინტერესო 93 პირი. თუმცა ვერ მოხერხდა ერთადერთი მოწმის - უკრაინის სპეცსამსახურებში კონტრაქტით დასაქმებული, ლაშა შერგელაშვილის გამოკითხვა, რომლის ინფორმაციასაც მნიშვნელოვანწილად ეყრდნობოდა BBC.

გამოძიება მუშაობს ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც, BBC-ის რესპონდენტი ტროტილის საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია. უსაფრთხოების სამსახურში ახლა გამოძიება უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების მიმართულებით მიმდინარეობს.

ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ BBC-ის რეპორტაჟი აგებული იყო აბსოლუტურ სიყალბეზე.

"BBC-თან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს იყო ბინძური პროვოკაცია და ეს იყო აბსოლუტურ სიყალბეზე, არანაირი არგუმენტით, არანაირი მტკიცებულებით საუბარი და საქართველოს დადანაშაულება იმ მიზნით, რომ მომხდარიყო საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციის შერყევა და მომხდარიყო მწვავე განცხადებების კიდევ უფრო გამწვავება, რომელსაც ადგილი აქვს დასავლელი ბიუროკრატების მხრიდან. შესაბამისად, ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია, არანაირი კითხვის ნიშანი ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს, და მათ შორის აგენტურის უფროსობა, რომელიც არის დასავლეთში, ჩვენ გავაკეთეთ შეთავაზება, რომ თუ იქნება ამათი მხრიდან რაიმე საკითხთან დაკავშირებით სურვილი, რომ დამატებით გაერკვნენ საკითხთან დაკავშირებით, ქართული მხარე მზად არის, ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციის გაზიარება მოხდეს“, - აცხადებს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია.