„გლეხს ლაივ რეჟიმში მიმდინარე რთველის პროცესი კი არ აინტერესებს, გლეხს აინტერესებს მისი მოყვანილი ყურძნის ღირსეული ფასი, ისე რომ მისი შრომა იყოს დაფასებული. ბატონო ირაკლი, თქვენც ისე აპირებთ გაგრძელებას, როგორც თქვენი წინამორბედი აკეთებდა? სადაც მხოლოდ „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ადამიანები იღებდნენ სარგებელს სოფლის მეურნეობის პროექტებით?“ - ამ კითხვით მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა პრემიერ მინისტრობის კანდიდატს ირაკლი კობახიძეს ოპოზიციის გაერთიანებული სხდომის ფორმატზე

“ერთი კითხვა მექნება ბატონო ირაკლი თქვენთან, როგორც პრემიერ მინისტრობის კანდიდატთან, თქვენს დაახლოებით 25 წუთიან გამოსვლაში ალბათ, რამდენიმე წამი, ერთი წუთიც არ მოგვისმენია სოფლის მეურნეობაზე, ამ რამდენიმე წამში კი თქვენ თქვით, რომ ისევ ისე გაგრძელდება როგორც იყო, ანუ ის პროექტები გაგრძელდება და ყველაფერი ისევ ისე იქნება, მოლოდინი სხვა არც ყოფილა, არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ქვეყნის მოსახლეობისთვისაც, უმრავლესისთვის მოლოდინი სხვა არ არის, რომ ისევ ისე გააგრძელებთ, როგორც თქვენი წინამორბედი აკეთებდა და იმის წინა მორბედი აკეთებდა კიდე. ფაქტობრივად, გლეხისთვის საგრძნობლად არაფერი არ იცვლებოდა.

ის პროექტები გაგრძელდება რასაც ვაკეთებდითო, მაგალითად “აწარმოე საქართველოში”, “დანერგე მომავალი”, “შეღავათიანი აგროკრედიტი”, თქვენი წინამორბედისთვის იყო ახლო გარემოცვისთვის საამებელი პროექტები, თქვენ დროსაც ასე იქნება ალბათ, ამას მარტო მე კი არ ვამბობ, ამაზე საუბრობს აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა, აუდიტის სამსახურის დასკვნაც, სადაც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ - “იგი ნაკლებად ხელმისაწვდომია მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის და უფრო მეტად სარგებლობს მსხვილი ბიზნესი.” მსხვილი ბიზნესი, ძირითადად თქვენს წინა მორბედთან არის დაკავშირებული. შემიძლია ფაქტებიც დაგისახელოთ, მაგალითად ზურაბ ჩხაიძემ, “კატევე” რომ არის მეღვინეობა მილიონ ნახევარი მიიღო “აწარმოე საქართველოდან” და ზურაბ ჩხაიძე ასევე 300 000-ის შემომწირველია “ქართული ოცნების”, ასე ლევან ვასაძე, რომელმაც “შეღავათიანი აგროკრედიტით” 600 000 მიიღო. კახეთში შეგვიძლია წავიდეთ და ყველგან, სადაც ნუშის ბაღს ან კარგ კომშის ბაღს დაინახავთ, ან ნებისმიერ კარგ რამეა, კონკრეტული სახელი და გვარი შემიძლია გითხრათ, რომელი “ქართული ოცნების” დეპუტატია, რომელი ჩინოვნიკია, ან პირდაპირ დაკავშირებული “ქართულ ოცნებასთან”.

მოლოდინიც ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა სხვა მოლოდინიც არ გვექნება და რთველზე მახსოვს გასულ წელს თქვენმა წინამორბედმა ასეთი რამე თქვა, რომ ჩასული ვიყავი, რთველს შტაბი მოვინახულე და ძალიან მაგარი იყოო, ლაივ რეჟიმში მიმდინარეობდა რთველის პროცესიო. გლეხს ლაივ რეჟიმში მიმდინარე რთველის პროცესი კი არ აინტერესებს, გლეხს აინტერესებს მისი მოყვანილი ყურძნის ღირსეული ფასი, ისე რომ მისი შრომა იყოს დაფასებული და არა ისე, რომ თქვენ ყოველწლიურად საუბრობდეთ იმაზე, თუ როგორ გაიზარდა ბაზარი, როგორ დაგვემატა დამატებითი ბაზრები და ამდენი ათასი და ამდენი ათი ათასი ბოთლი ღვინით მეტი გავყიდეთ ამა თუ იმ ქვეყანაში, მაგრამ ყურძნის ფასი არის იგივე, ეს არის რეალობა სოფლის მეურნეობაში, სხვა არაფერი. ანალოგიური ხდება, მე გუშინ მინისტრს ვუთხარი, სამწუხაროდ ეთერის გამო ვერ დავრჩით, ბოდიშიც მოვიხადე, გუშინ მაგალითად ხორბალთან დაკავშირებით ვისაუბრეთ, გახსოვთ ხომ ?

თქვენც აქედან ადევნებდით თვალყურს, როდესაც თქვენი წინამორბედი იყო მოსული, მაშინაც გვქონდა საუბარი, თუ როგორ აპროტესტებდნენ მის მუნიციპალიტეტში, მის რაიონში დედოფლისწყაროში ფერმერები ხორბლის ფასს, როდესაც გასულ წელს 93-95 თეთრი იყო ფასი და 2023 წელს 45 თეთრი იყო ხორბლის ფასი, ბოლოს გაიზარდა, როდესაც რამენაირად გინდოდათ, რომ ჩაგეცხროთ და ამ წლებთან შედარებით, მაგალითად სასუქის ფასი 42 ლარიდან 70 ლარი გახდა, რომელიც ჭირდება ხორბლის მოყვანას და საინტერესო კიდევ იცით რა არის? სეზონზე 42 ლარიდან 70 ლარი გახდა სასუქი და მერე სეზონი რომ დამთავრდა, 50 ლარზე დაიწია. ამ ყველაფერს ვინ აკონტროლებს ხომ ვერ მეტყვით? მომსახურება, მექანიზაცია თუ ღირდა მაქსიმუმ 70 ლარი, დღეს მინიმალური ფასი 120 ლარია, ეს არის რეალურად “ქართული ოცნების”, ივანიშვილის პარტიის მიდგომა სოფლის მეურნეობის მიმართ. თქვენი მიდგომა არის ერთადერთი, რომ რაც შეგიძლიათ მაქსიმალურად დაუკარგოთ ფასი ქართველი გლეხის შრომას, რადგან ფიქრობთ, რომ რაღაც ორ თეთრს მისცემთ და დამოკიდებული გახდეთ თქვენზე. დარწმუნებული ვარ ამ ყველაფერს 2024 წელს დასასრული ექნება და ასე აღარ გაგრძელდეს ეს პროექტები. ახლა კი თქვენგან მაინტერესებს, ისევ ისე გაგრძელდებაო სოფლის მეურნეობის პროექტებიო, რას ნიშნავს ისევ ისე გაგრძელება, ეს კითხვა მაქვს თქვენთან.” - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.