ერთ რამეს ვაღიარებ, „ქართულ ოცნებაში“ რომ ნგრევის და რღვევის პროცესი დაწყებულია, ეს კი, ნამდვილად „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალია , - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული მდივანი, გიორგი ბოტკოველი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განმარტებას, თუ რატომ არ ესწრებოდა 26 მაისის ღონისძიებას.

„სასაცილოდ გამოიყურება ეს ყველაფერი ახლა, რას გვაბრალებს ირაკლი კობახიძე ვერ მივხვდი, მას ვარჯიში ჩვენ დავაწყებინეთ და მერე გადავიღეთ, თუ თვითონ დაიწყო ვარჯიში და მერე გადავიღეთ?! სამარცხვინოა ასეთი განცხადებები. უკვე აღარც იმალება ის პროცესი, რომ „ქართულ ოცნებაში“ ნგრევის პროცესი დაწყებულია, რაც ქვეყნისთვის სასარგებლოა. კობახიძე ივარჯიშებს, თუ არ ივარჯიშებს, ეს ნამდვილად არ აინტერესებს ამ ქვეყნის მოსახლეობას, მაგრამ ერთ რამეს ნამდვილად ვაღიარებ, „ქართულ ოცნებაში“ რომ ნგრევის და რღვევის პროცესი დაწყებულია, იშლება და ერთმანეთს ჭამენ, ეს კი ნამდვილად „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალია“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

ცნობისთვის, ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განმარტა, თუ რატომ არ ესწრებოდა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას. მისი თქმით, 26 მაისის ღონისძიება ცერემონიული ღონისძიებაა, სადაც წინა „პლანზე“ კონსტიტუციური თანამდებობის პირები უნდა იყვნენ და არა პარტიული თანამდებობის.