“ეს საქმეები პირდაპირი მნიშვნელობით შეიძლება ასე დავაკვალიფიციროთ - ფინანსური ტერორი ადამიანების წინააღმდეგ, რითაც ივანიშვილს სურს ადამიანების დაშინება და ამაზე პასუხი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი - არ ვაპირებ არანაირი ჯარიმის გადახდას!” - განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, გიგი უგულავამ

"ხელისუფლებას ფიზიკურ ტერორთან ერთად, დაწყებული აქვს ფინანსური ტერორი. ეს საქმეები პირდაპირი მნიშვნელობით შეიძლება ასე დავაკვალიფიციროთ - ფინანსური ტერორი ადამიანების წინააღმდეგ. ივანიშვილი, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლამდე ჰპირდებოდა თითო სოფელს მილიონს, 5000 ლარიანი ჯარიმით ასაჩუქრებს მოქალაქეებს. დაახლოებით 600 ადამიანი არის შერჩეული, ვსაუბრობ რუსთაველის ეპიზოდზე, რუსთაველის გამზირის გადაკეტვაზე დაახლოებით 15 იანვრიდან პირველი თებერვლის პერიოდში. ნებისმიერი ადამიანი შეიძლება მოჰყვეს ამაში, თან არ აქვს არანაირი მნიშვნელობა შენ უკვე გადაკეტილზე მიხვედი თუ ისე. ეს არის ფინანსური ტერორი, დაახლოებით სამი მილიონი ლარის ამოღება უნდათ ადამიანების ჯიბიდან. ამაზე პასუხი შეიძლება იყოს ერთი, მე არ ვაპირებ არანაირი ჯარიმის გადახდას! ვერ მოვუწოდებ სხვა ადამიანებს გააკეთონ იგივე, ეს არის თითოეული ადამიანის გადასაწყვეტი ინდივიდუალურად, მაგრამ ფინანსური ტერორი, ისევე როგორც ფიზიკური და სხვა სახის ტერორი  მიზნად ისახავს ადამიანების დაშინებას. შიში არის კაუჭივით, უნდა ამოგდოს და მერე იწყება ამ ადამიანის მანიპულაცია. ჩვენი პასუხი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი, ეს ჩეკები, რომლებსაც წერენ დასანქცირებული მოსამართლეები, შეუძლიათ შეინახონ თავისთვის რელიქვიად.”- განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, 2025 წლის 5 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს  მოსამართლე დავით კურტანიძემ სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ბრალდებით 8 დაკავებული პირს აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა. დაკავებულებს შორის იყო თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა. 

 მოსამართლემ დაკავებულებს გირაო შეუფარდა.

გიგი უგულავას, დიმიტრი ბიძინაშვილს, ირაკლი ტაბატაძეს, ირაკლი წიგნაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ, ნიკოლოზ ქუმსიშვილს 4000-ლარიანი, ვასილ ელიავას, ნიკოლოზ კუტუბიძეს 3 500-ლარიანი.