“ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი წერეთლის განცხადებით, არსებულ ვითარებაში და არსებული სტრუქტურით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება არაფრის მომტანი იქნება.
„ახლა ისეთი დროა, რომ ოპოზიციის პროდასავლური ნაწილი და საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც დღეს არის პროტესტში, ფიქრობს ცვლილებაზე. ფიქრობს იმაზე, თუ როგორ შეიძლება მძიმე ვითარება განიმუხტოს. ხელისუფლება კი ფიქრობს, რომ კარგად არის, რომ კრიზისი არ არის, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ასეა. როდესაც ადამიანები ყოველდღე არიან ქუჩაში, როდესაც იზოლაცია ღრმავდება, ვხედავთ იმასაც, რომ რეპრესიული მექანიზმები არის გაძლიერებული.
მთავარია ცვლილებები, ამის გარეშე რომელი არჩევებზე არის ლაპარაკი? ამ ვითარებაში და სტრუქტურით, მე არ მივეკუთვნები იმ ნაწილს, ვინც ფიქრობს, რომ ეს კარგი საქმეა. როდესაც ხელისუფლებას ყველა ინსტრუმენტი ხელში აქვს და აქვს მადა, რომ ეს ინსტრუმენტები ჭარბად გამოიყენოს და არაფერი შეცვალოს. „ევროპული საქართველო“ არ ვფიქრობთ, რომ ამ ვითარებაში არჩევნებში მონაწილეობა რამის მომტანი იქნება, გარდა კიდევ უფრო რთული შედეგისა. თუ ხელისუფლებას ყველა ინსტრუმენტი აქვს, მაშინ ამ არჩევნებში მონაწილეობას მიღებას აზრი არ აქვს. ჩვენ ვსაუბრობთ ახალ არჩევნებზე, ახალ ეროვნულ არჩევნებზე.
ჩვენი ერთობის თუ კოორდინაციის ამოცანაა, რომ ჩვენ ფუნდამენტური ცვლილება გვქონდეს და ერთხელ და სამუდამოდ რაღაც დავასრულოთ, ამხელა მსხვერპლს რომ გადის ჩვენი საზოგადოება“,- განაცხადა წერეთელმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.






