არავის უთქვამს და მგონი, არავინ უნდა ქმნიდეს ისეთ მოლოდინს, რომ ხვალ რაღაც გეგმა უნდა გახმოვანდეს. ასეთი რამ მე არ მომისმენია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიგი წერეთელმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

გიგი წერეთლის შეფასებით, ხვალინდელ აქციაზე სალომე ზურაბიშვილის მიმართვა, სხვა საკითხებთან ერთად, იქნება იმ სულისკვეთებაზე, რომელიც დღეს არსებობს საზოგადოებაში, პოლიტიკურ სპექტრში, აქვს თვითონ სალომე ზურაბიშვილს და პარტნიორებს.

„კარგია, რომ იქნება რაც შეიძლება ბევრი ხალხი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ მხრივ პარტიების კოორდინაციაც საჭიროა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, მისი მიმართვა, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე, მაგრამ მთავარი ალბათ იქნება იმ სულისკვეთებაზე, რომელიც დღეს არსებობს საზოგადოებაში, პოლიტიკურ სპექტრში, აქვს თვითონ სალომე ზურაბიშვილს, ჩვენს პარტნიორებს. მგონი, მნიშვნელოვანი მომენტი იქნება ისიც, როგორ გაუმჯობესდება და მეტი სინქრონიზაცია იქნება პოლიტიკური ჯგუფების, პოლიტიკური პარტიების და თვითონ ზურაბიშვილის.

არავის არ უთქვამს და მგონი, არავინ უნდა ქმნიდეს ისეთ მოლოდინს, რომ ხვალ რაღაც გეგმა უნდა გახმოვანდეს. ასეთი რამ მე არ მომისმენია. გეგმა არსებობს სტრუქტურულად შემდეგი: არის პროტესტი, ჩვენი პარტნიორების მობილიზება მხარდაჭერისთვის, იმ ხალხის, ვინც დღეს იბრძვის, რათა იყოს ახალი დემოკრატიული პროცესი, ახალი არჩევნები, არ იყვნენ პოლიტპატიმრები, შეწყდეს რეპრესიები“, – აღნიშნა გიგი წერეთელმა.