მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ჩადენილი სავარაუდო დანაშაული გასცდა შიდა პოლიტიკურ ჩარჩოებს და საერთაშორისო განხილვის საგნად იქცა.  ჩვენ მოვისმინეთ თქვენი აღიარება, რომ წყლის ჭავლი ნამდვილად შეიცავდა გარკვეულ ქიმიურ ნივთიერებას. თქვენ ამბობთ, რომ რაღაც ნივთიერება შეურიეთ წყალს, რომელიც მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენეთ და პრობლემა არ არსებობს რადგან ეს არ იყო კამიტი. - ამის შესახებ დეპუტატმა  "გახარია - საქართველოსთვის" წარმომადგენელმა გიგა ფარულავამ პარლამენტს პლენარულ სხდომაზე განაცხადა. 

"საქმე გვაქვს იმდენად მძიმე შესაძლო დანაშაულთან, რომლის ასე მონდომებით და დაჩქარებით 5 დღეში დახურვა და მიჩქმალვა შეუძლებელია. თქვენ გგონიათ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების და ყველა სამართლებრივი ბერკეტის დამორჩილება თქვენთვის შესაძლებელს ხდის ხალხის წინააღმდეგ ასეთი  ქმედება, რომელიც თავად აღიარეთ, იოლად დაიცვათ და მიჩქმალოთ.

ასეთი ტიპის ქმედებებზე და ასეთ დანაშაულებზე სამართლის აღსრულება არ ემორჩილება არც თქვენს იურისდიქციას, არც დროში შეზღუდულობას და  საბოლოო ჯამში აბსოლუტურად შეუძლებელი და გამორიცხულია ამ პასუხისმგებლობისგან გაქცევა.

მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების გამოყენება წარმოადგენს დანაშაულს, რომელიც სცდება როგორც სამართლებრივ, ისე მორალურ ჩარჩოებს. საერთოდ როგორ და რატომ გაჩნდა წყლის ჭავლში რაიმეს შერევის იდეა… ვის გაუჩნდა ასეთი სურვილი და როგორ განხორციელდა ეს პრაქტიკაში? 
ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე ყველაფერზე მაღლა დგას და თქვენი ვალდებულებაა მათი დაცვის უზრუნველყოფა! ნაცვლად ამისა პირადი ინტერესების გადარჩენისთვის მზად ხართ ავნოთ საკუთარ  მოქალაქეებს და მათ წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურებული წყალი გამოიყენოთ უკანონოდ, არალეგიტიმურად და არაპროპორციულად. შემდეგ კი ცადოთ ამ დანაშაულის დაფარვა. პრობლემა მარტო ნივთიერებებში არ არის — პრობლემა მშვიდობიან ხალხზე თავდასხმაა! ქუჩის გადაკეტვა არ იძლევა წყლის ჭავლის გამოყენების უფლებას. ეს იყო ძალის არალეგიტიმური და დაუშვებელი დემონსტრირება.

დამოუკიდებელი გამოძიება დღეს არის არა მხოლოდ პოლიტიკური მოთხოვნა, არამედ ჰუმანიტარული აუცილებლობა.

ფაქტია - აქამდე მშვიდობიანი დემონსტრანტების, ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის არცერთი ფაქტი არ გამოგიძიებიათ და არცერთი მოძალადე არ წარდგენილა მარათლმსაჯულების წინაშე. სწორედ ამიტომ, საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური უნდობლობა: თქვენ იცავთ არა კანონს, არამედ კანონდამრღვევებს.“
გამომდინარე აქედან, ჩვენ შემოვდივართ ინიციატივით შეიქმნას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია. ეს არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რათა ხალხმა პირდაპირ მოისმინოს პასუხები და თავად შეაფასოს სიმართლე.
ეს არის  ყოველი თქვენგანის პირადი არჩევანი - შანსი, შეძლებთ თუ არა საკუთარი სახელის გადარჩენას ამ მძიმე დანაშაულისგან თუ გსურთ დანაშაულის დაფარვის ოპერაციაში მონაწილეობა.

თუ მართლები ხართ და დასამალი არაფერი გაქვთ ძალოვნების სახელით ჩადენილ ქმედებებზე - მხარი დაუჭირეთ კომისიას." - განაცხადა გიგა ფარულავამ. 

ცნობისთვის, „ბიბისიმ“გამოაქვეყნა სტატია სათაურით: „„ბიბისის“ მტკიცებულებების თანახმად, ქართველი დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს“. კერძოდ, „ბიბისი“ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაზე საუბრობს. მედიასაშუალება წყაროდ ასახელებს პედიატრ კონსტანტინე ჩახუნაშვილს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ლაშა შერგელაშვილს, ექსპერტ კრისტოფერ ჰოლშტეგეს. ასევე რესპონდენტები არიან  ეკა გიგაური და გიორგი ბაჩიაშვილი. „ბიბისის“ მასალაში ლაშა შერგელაშვილი აცხადებს, რომ, „მისი აზრით, ეს იგივე ნივთიერებაა, რომლის გამოცდაც მას წყლის ჭავლისთვის 2009 წელს სთხოვეს“. ამასთან, „ბიბისის“ ცნობით, „გამოძიების შედეგებს საქართველოს ხელისუფლებაში აბსურდული უწოდეს და განაცხადეს, რომ პოლიციამ კანონიერად იმოქმედა სასტიკი დამნაშავეების უკანონო ქმედებების საპასუხოდ“.

სტატიის გამოქვეყნები შემდეგ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძეიება დაიწყო. 2025 წლის 6 დეკემბერს ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: 2024 წლის 4-5 დეკემბრის ღამით, მასების მართვისათვის გამოყენებული იქნა ნივთიერება ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ნივთიერება "პროპილენ გლიკოლის" ხსნარი - არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას

ასევე,  სუსის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ მედიასთან განაცხადა - ე.წ. კამიტის გამოყენების გამოგონილ ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები ამოწურულია, გრძელდება გამოძიებას შესაძლო დანაშაულის შესახებ, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს