მორიგი რაღაც დააბრეხვა ციხეში მყოფმა პოლიტპატიმარმა სააკაშვილმა და სერიოზულად უნდა ვარჩიოთ ეს? - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას „სუპერ პაკის“ შექმნასთან დაკავშირებით გამოეხმაურა.

„ეს არის სრული სისულელე, ტერმინ „სუპერ პაკით“ დაწყებული, დამთავრებული იმით, რა განმარტებებიც კეთდება. „სუპერ პაკი“ არის ტერმინი, რომელიც აშშ-ში გამოიყენება. ამერიკაში ეს არის გაერთიანება იმ ადამიანების, რომლებიც მხარს უჭერენ კონკრეტულ პოლიტიკურ დღის წესრიგს, უბრალოდ არ არის შეზღუდული კამპანიის დაფინანსების წესებით და არ უნდა იყოს კოორდინირებაში. უბრალოდ რაღაც ტერმინი დააბრეხვა, როგორც ჩანს შიგნით მათი პრობლემის გადასაფარად. თუ რომელიმე საჯარო ფიგურას რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან და რომელიმე საკითხზე უნდა აქტიურობა, ამას „სუპერ პაკი“ რატომ უნდა სჭირდებოდეს, ან გამოცხადება და მერე ამაზე სერიოზული კამათი? „ნაციონალურ მოძრაობას" და სააკაშვილსაც აწყობს და ამავე დროს ივანიშვილის რეჟიმს, რომ ეს სისულელეები ვარჩიოთ იმის ნაცვლად, რომ ვისაუბროთ პირველ რიგში იმაზე, როგორ დავუპირისპირდეთ და რა არგუმენტები გვაქვს ივანიშვილის შხამიანი, სიცრუის პროპაგანდის წინააღმდეგ. მეორე მხრივ კი უნდა ვისაუბროთ იმაზე, რა არის გასაკეთებელი ქვეყანაში ხელისუფლების დამარცხების შემდეგ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.