საქმე-საქმეზე როცა მიდგა, დებატებში მონაწილეობა ვეღარ გაბედეს, რადგან რეალობა რაც შეიქმნა, უარგუმენტოდ ტოვებს იმ ადამიანების სეგმენტს, ვინც რადიკალური პროცესების შეგულიანებით არის დაკავებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით ვოლსკი გამოეხმაურა მიხეილ ჯანელიძისა და თინა ხიდაშელის უარს ირაკლი კობახიძესთან დებატებში მონაწილეობაზე.

ვოლსკის თქმით, რესურსი არ აქვთ, რომ გარკვეულ საკითხებზე იკამათონ.

„პრემიერი დებატებს როცა დათანხმდა, გაითვალისწინა, რომ ის ადამიანები რაღაცაში ერკვევიან, მით უმეტეს, მათ ასეთი მაღალი სახელმწიფოებრივი პოსტები აქვთ და ვიღაცისთვის შეიძლება, მათი აზრი კომპეტენტური ყოფილიყო. არგუმენტები არ ჰქონდათ, სწორედ ამას ნიშნავს უარის თქმა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

თინათინ ხიდაშელმა და მიხეილ ჯანელიძემ „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის განცხადებასთან დაკავშირებით საჯარო დისკუსიაში ჩართვის ინტერესი თავად გამოთქვეს. 3 დეკემბერს მიხეილ ჯანელიძე და თინათინ ხიდაშელი საქართველოს პირველ არხზე ირაკლი კობახიძესა და შალვა პაპუაშვილთან დისკუსიას დათანხმდნენ. დღეს კი მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომ საზოგადოების უკურეაქციის გამო ირაკლი კობახიძესთან ერთად დებატებში მონაწილეობაზე უარს ამბობს. მიხეილ ჯანელიძის შემდეგ, ირაკლი კობახიძესთან ერთად დებატებში მონაწილეობაზე თინა ხიდაშელმაც უარი განაცხადა.