ოპოზიციაში ერთმანეთს უპირისპირდებიან იმაზე, ვის შეუძლია, საქართველო მეტად დააზიანოს. ეს ადამიანები ქვეყნის დანგრევის ამოცანას მიმართავენ და ამას აღარც მალავენ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ „ოპოზიციის ალიანსზე“ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ზოგადად, პოლიტიკაში კარდაკარ სიარული მისაღებია, მაგრამ ოპოზიციას ამის რესურსი არ აქვს.
„ოპოზიციაში დაპირისპირება იქნება, რადგან მათ რიგებში ისეთი ადამიანები არ არიან, ვისაც შეუძლიათ, ერთად იყვნენ. მათ შორის დაპირისპირების მიზეზია ლიდერობაც. ყველას უნდა, პატრონებს თავი დაანახვოს, რომ ყველაზე ქმედითია, ვინც უფრო მეტად უნდა დაფინანსდეს და ვისაც ყველაზე მეტი მხარდაჭერა ჰქონდეს. ვიღაცის წინაშე გაპრანჭვა და კეკლუცობა ჩვეულებრივი ამბავია. ეს ხალხი კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“. მათ შიგნით ფუთფუთი მათ ხასიათს გამოხატავს, მაგრამ შინაარსს არ ცვლის. ვის შეუძლია, საქართველო მეტად დააზიანოს – ეს არის თემა, რის გამოც ერთმანეთს უპირისპირდებიან. პოლიტიკაში კარდაკარი მისაღები პრაქტიკაა, მაგრამ მათ რესურსი არ აქვთ, კარდაკარ იარონ. კარდაკარ ადამიანებს ვერ დაარწმუნებენ, რომ საქართველო ცეცხლში უნდა იყოს გახვეული და დესტაბილიზაცია სწორია. ეს ადამიანები ქვეყნის დანგრევის ამოცანას მიმართავენ და ამას აღარც მალავენ. თავადაც და მათი პატრონები ხან ეკონომიკურ სანქციებს ითხოვენ, ხან რუსეთთან შეჯახებაზე საუბრობენ. ეს ადამიანები პატარა პაიკები არიან, რომლებიც სკამდასკამ დადიან, ბაღებსა და ქუჩებში ელაპარაკებიან. ფაქტია, ეს ხალხი არის მავნებელთა ჯგუფი, ვინც თავის აქტივობას კარდაკარს არქმევს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.








