მათ უნდა იცოდნენ, რომ საზოგადოებაში, სულ მცირე, ორაზროვანი დამოკიდებულებაა სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობასთან დაკავშირებით. - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი გია ვოლსკი ნორვეგიის ერთერთი პარტიის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებების ხელშეწყობის კუთხით ჯილდოს გადაცემის გადაწყვეტილებას.
„ეს გადაწყვეტილება ცინიკურია. მათ უნდა იცოდნენ, რომ საზოგადოებაში, სულ მცირე, ორაზროვანი დამოკიდებულებაა სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ის შედარება, რაც პრემიერ-მინისტრმა გააკეთა, ზუსტად ასახავს დამოკიდებულებას, რომელიც, სამწუხაროდ, ნორვეგიის ერთერთმა პარტიამ გამოიჩინა მიხეილ სააკაშვილის მიმართ. დამნაშავე ადამიანი, ბრეივიკი იყო დასახელებული. მან ერთ დღეში ჩაიდინა დანაშაული და ერთ დღეში 76 თუ 77 ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე მოსპო. იგივე გააკეთა სააკაშვილის მიერ შექმნილმა სისტემამ. არა მან პირადად იარაღით ქუჩაში მორბენალმა, მაგრამ სისტემამ შექმნა არა მარტო დახოცილები, ნაწამები და გაუპატიურებულთა გარკვეული ჯგუფი, არამედ ამ სისტემამ შექმნა დანაშაულის ჩამდენთა, სასტიკ ადამიანთა, ჯალათთა ჯგუფი. დანაშაულის მასშტაბი გაცილებით დიდია. უბრალოდ ერთ დღეში კი არა, დროთა განმავლობაში მოხდა ეს. აღნიშნული მაგალითების ფონზე ამის არგათვალისწინება არასწორია. ამ გადაწყვეტილებას გარკვეული პოლიტიკური ანგაჟირება ახასიათებს, მაგრამ ფაქტია, რომ ამას შეიძლება, ეწოდოს უტიფარი გადაწყვეტილება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
რაც შეეხება საქართველოს საგარეო უწყებაში ნორვეგიის ელჩის დაბარებას, ვოლსკის შეფასებით, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს სწორია.
„ნებისმიერ ქვეყანაში ეს დემარში განსახორციელებელია და პრეტენზიები ამასთან დაკავშირებით უნდა წავუყენოთ, თუმცა წინასწარვე ვიცით, რომ ელჩის განცხადება იქნება ისეთი, როგორიც მოსალოდნელია, რომ იყოს სხვა სტრუქტურებიდან მიღებული განცხადებებიც, რომ ეს არ გამოხატავს ნორვეგიის ხელისუფლების ოფიციალურ პოზიციას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ნორვეგიისგან ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში ჯილდო მიიღო.