„დღევანდელი სცენარი არის ასეთი - უნდა გაერთიანდეს წყალი და ზეთი და მთავარი მომრევი თითქოსდა, არის სალომე ზურაბიშვილი, ლიდერი, რომელმაც ჩაანაცვლა მიხეილ სააკაშვილი - მისი უშველებელი ქოლგით, რომლის გარშემო უნდა გააერთიანოს მთელი რადიკალური ოპოზიცია. თუმცა, საზოგადოებისთვის ეს სასაცილოა. მე დარწმუნებული ვარ, ეს სასაცილოა ოპოზიციის მხრიდანაც", - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გახარია-ხაზარაძის შესაძლო გაერთიანების საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებებს.
ცნობისათვის, ორბელიანების სასახლეში გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს შორის კონსულტაციები მეორე დღეა მიმდინარეობს.
კოალიცია "ძლიერ საქართველო" და პარტია "გახარია - საქართველოსთვის" გაერთიანებასთან დაკავშირებით მოსალაპარაკებლად პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში 16 სექტემბერს მიიწვია. ორბელიანების სასახლეში მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას შორის შეხვედრა 17 სექტემბერს შედგა, თუმცა აუდიენცია კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა. მანამდე მხარეებს პირისპირ კონსულტაციებიც ჰქონდათ.
მორიგი შეხვედრა მხარეებს შორის ათონელის რეზიდენციაში დღეს უნდა შედგეს.