ამ ეტაპზე მისი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელების მომხრე არ ვარ, მაგრამ პოლიტიკური განაცხადი უნდა გაკეთდეს, რომ არჩევნების შემდეგ პარტიები, პირველ რიგში, მას შესთავაზებენ ამ პორტფელს და პრეზიდენტმა უნდა თქვას ამ ეტაპზე, რომ ის იფიქრებდა ამ შემოთავაზებაზე, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსთან“ განაცხადა.

„რაც შეეხება კოალიციურ მთავრობას, ჩემი აზრით, თუ ამ მთავრობის მთავარი ამოცანა არის ევროკავშირისკენ შემობრუნება, ვინ შეასრულებს ამ ამოცანას საუკეთესოდ? რა თქმა უნდა, პრეზიდენტი იმიტომ, რომ მას აქვს ყველა ის კომუნიკაცია, ბოლო ვიზიტიც რომ ავიღოთ, ყველა უმაღლეს თანამდებობის პირებთან აქვს პირადი ურთიერთობები. ამ ამოცანას ყველაზე ეფექტურად პირადად სალომე ზურაბიშვილი შეასრულებს. ამ ეტაპზე მისი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელების მომხრე არ ვარ, მაგრამ პოლიტიკური განაცხადი უნდა გაკეთდეს, რომ არჩევნების შემდეგ პარტიები, პირველ რიგში, მას შესთავაზებენ ამ პორტფელს და პრეზიდენტმა უნდა თქვას ამ ეტაპზე, რომ ის იფიქრებდა ამ შემოთავაზებაზე. ადამიანებში უნდა გაჩნდეს განცდა, რომ ის არჩევნების შემდეგ ამაზე დათანხმდება. მაგრამ, 26 ოქტომბერს ჩვენ გვჭირდება, რომ ის იყოს პრეზიდენტი.

მე სალომე ზურაბიშვილს ვესაუბრე ამ ყველაფერზე, იცის ჩემი მოსაზრება და საჯაროდაც ხშირად მითქვამს ეს. მას ამაზე თანხმობა არ განუცხადებია, თუმცა, დამრჩა განცდა, რომ საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, შეიძლება ამაზე იფიქროს“, - აღნიშნა ხუხაშვილმა.