ეს ხალხი მაქსიმალურად იარაღდება აგრესიული არგუმენტებით, რომლითაც მათ პირობითი "ამხანაგი კობახიძე" წარმატებით ამარაგებს - ამის შესახებ პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ალბათ დამეთანხმებით, რომ “მაგარ ბიჭობანას” თამაში ჩვენი ნაციონალური სპორტის სახეობაა. ყველაზე მხდალი და უღირსი ადამიანებიც კი, სხვის ზურგს ამოფარებული იწყებენ “ღირსებაზე”, “ამბავზე-გაგებაზე”, “პატრიოტიზმზე”, “კაცობაზე” ბოლო ხმაზე ღაღადს.
ამიტომ, მათთვის კონფორმიზმში დადანაშაულება, მითითება, უაღრესად დიდი “შეურაცხყოფაა”.
იმისათვის, რომ რეალური კონფორმისტული ბუნება შენიღბონ, ეს ხალხი იარაღდება მაქსიმალურად აგრესიული არგუმენტებით, რომლითაც მათ წარმატებით ამარაგებს პირობითი “ამხანაგი კობახიძე”. ისინიც “იცავენ” ქვეყანას, რელიგიას, ოჯახებს არარსებული, ფსევდო-საფრთხეებისგან…იმ ადამიანებისგან, რომელთაც მათზე მეტად თუ არა, არანაკლებ სწამთ, უყვართ სამშობლო და საკუთარი ოჯახები.
ამ ილუზიით სხვას კი არა, თავს იტყუებენ, სინდისს აძინებენ და საქართველოს სადღეგრძელოში აღრჩობენ.
აგრესიული კონფორმიზმი - ქვეყნის ზნეობრივი დეგრადაციის და შესაბამისად რე-ოკუპაციის მთავარი ფაქტორი“- წერს ხუხაშვილი.