ბიძინა ივანიშვილი კობახიძესა და ღარიბაშვილს შანსს აძლევს, რომ თავიანთი გაფუჭებული საქმე გამოასწორონ, თუ ვერ გამოასწორეს - „ჩარეცხავს“ - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„მისთვის ახლა მთავარი პრობლემა არის შესუსტებული ავტორიტეტი, ბიძინას უძლეველობის მითოლოგიას სერიოზული ზიანი მიადგა. სრულიად მოირყა სისტემა, სისუსტე გამოავლინა. მისთვის მთავარი პრობლემა მის პოლიტიკურ მოღვაწეობაში სისუსტის გამოვლინებაა, შესაბამისად, მას სჭირდება გარკვეული რევანში, შეტევა საზოგადოებაზე.
ამ როლზე რომც ფიქრობდეს ჩანაცვლებას, ვფიქრობ, რომ ირაკლის კიდევ უფრო მეტი ცოდვები უნდა აკიდოს, დაგეგმილიც რომ ჰქონდეს მათი „ჩარეცხვა“, ღარიბაშვილის გუშინდელ გამოსვლაში ჩანდა, რომ ისევ შეტევაში არიან ბიჭები, რაღაცა უნდა მოიმოქმედონ.
ღარიბაშვილი ან იტყუება, ან მართლა არ იცის, რა ხდება. მისი ინტელექტუალური შესაძლებლობები ძალიან შეზღუდულია. შეიძლება, მართლა ვერ ხვდება, რა ხდება, მაგრამ ბიძინა მას იყენებს. ფაქტია რევანშის, რომელიც შეიძლება წარმატებით ვერც დასრულდეს, მცდელობა იქნება. ეს ცოდვებიც უნდა აჰკიდოს ირაკლებს, ჰოდა, მერე ჩარეცხავს, ახლა რატომ ჩარეცხოს. ჩარეცხავს მას შემდეგ, რაც საზოგადოებაზე ანგარიშსწორების მცდელობა იქნება.
მე ეჭვი მეპარება, რომ მათ რამე გამოუვიდეთ, ბიძინა ივანიშვილი ახლა, თითქოს ერთგვარ შანსს აძლევს ირაკლებს, რომ თქვენივე გაფუჭებული საქმე მიდით და გამოასწორეთ, ამათმაც სხვა არაფერი იციან და მოქმედებენ ამ მეთოდებით. ბიძინა ახლა წაუგებელ თამაშს თამაშობს. თუ ამათმა შეძლეს სიტუაციის გადატეხა და სისტემის სტაბილურობის აღდგენა, დატოვებს, თუ ვერ შეძლებენ, „ჩარეცხავს“ და ამზადებს, რა თქმა უნდა, შედარებით დავარცხნილ, გაწონასწორებულ ალტერნატივას“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.