საქართველოს თუ სურს ევროკავშირის გზაზე დარჩენა, ცალი ფეხით მოსკოვში ვერ იქნება, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

საქართველოს პირველი არხის კითხვაზე, არსებობს თუ არა შანსი, ვეტოს დროს კანონი ისე შეიცვალოს, რომ ყველა მხარისთვის მისაღები გახდეს, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა:

„ძალიან მნიშვნელოვანია იმაზე საუბარი, რისთვის არის ეს კანონი საჭირო და სწორედ ამის შესახებ ვისაუბრე ჩემს განცხადებაში, რომელიც გავაკეთე. თუ გეგმავ, მიიღო კანონი, რომელიც მიმართულია არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც საუბრობენ მთავრობის წინააღმდეგ და შენ არ მოგწონს, რასაც ლაპარაკობენ, შეგიძლია, შეცვალო ისე, როგორც გსურს, მაგრამ თუ მთავარი მიზანი მაინც ეს არის, მაშინ ეს არადემოკრატიული კანონი იქნება.

პრესკონფერენციაზე ვთქვი კიდეც, რომ შენ ვერ შეცვლი იმას, რაც ფუნდამენტურად გატეხილია. ყველას გვაქვს კანონები, რომლებიც აწესრიგებენ გადასახადების საკითხს, უცხოეთიდან გადმორიცხულ თანხებს და ა.შ. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს კანონი, რომელიც მიმართული იქნება მათზე, ვინც შენს საწინააღმდეგოდ საუბრობს. შეუძლებელია, მიაღწიო კონსენსუსს, თუ ერთ მხარეს სურს დემოკრატიული საქართველო და მეორე მხარეს – სხვა რამ. კომპრომისი არ შედგება. ამგვარად, ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს თუ სურს ევროკავშირის გზაზე დარჩენა, ცალი ფეხით მოსკოვში ვერ იქნები“, – განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.