„ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიციატივაა, რომ პარლამენტში დროებითი კომისია შეიქმნას. შესაბამისი დადგენილების პროექტი ორშაბათს, 2 თებერვალს ბიუროს სხდომას წარედგინება და ამის შემდეგ საკითხი კომიტეტებზე განხილვის გარეშე, პირდაპირ პლენარულ სხდომაზე გავა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე.
მისივე თქმით, დადგენილების მიღების შემდეგ, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი კომისიის შემადგენლობის რაოდენობას განსაზღვრავს და აქედან გამომდინარე, თითოეული ფრაქციისთვის და პოლიტიკური ჯგუფისთვის კვოტებს გამოთვლის.
„თუმცა, თავად ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიციატივაა, რომ კომისია 14- კაციანი შემადგენლობით იყოს. თუკი კომიტეტი ამ ინიციატივას გაიზიარებს, ამ შემთხვევაში, კომისიაში ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ 7 წევრი ეყოლება, პოლიტიკურ ჯგუფს „ხალხის ძალა“ - 3 წევრი, ფრაქციას „საქართველოსთვის“ - 3 წევრი და პოლიტიკურ ჯგუფს „ევროპელი სოციალისტები“ - ერთი წევრი. ამიტომ გთხოვთ, რომ ვისაც კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება გსურთ კანდიდატებზე წინასწარ იყავით ჩამოყალიბებული. ჩვენი მიზანია, რომ კომისიამ მუშაობა რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს.ასევე, უმრავლესობის ლიდერმა დაანონსა, რომ ფრაქციის ინიციატივაა კომისიას ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა უხელმძღვანელოს. ასე რომ, მომავალ კვირას, სამშაბათი და ოთხშაბათი კომისიის ჩამოყალიბებას დაეთმობა და იმედი მაქვს, რომ უკვე ოთხშაბათი-ხუთშაბათიდან კომისია სრულფასოვნად დაიწყებს მუშაობას. ინიციატივის ავტორების მხრიდან კომისიის მუშაობის 3-თვიანი ვადაა დასახელებული“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.




