ქმედებები, გადაწყვეტილებები, კანონმდებლობა, რომელიც საქართველოს მთავრობამ ბოლო წლის განმავლობაში მიიღო, საქართველოს, ევროკავშირში წევრობასთან დაახლოების ნაცვლად, აშორებს და თქვენ გაქვთ შედეგი, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ვარშავაში საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეკრებაზე საქართველოს დელეგაციის არმიწვევის შესახებ კითხვის საპასუხოდ აღნიშნა.
"ჩვენ საქართველოს მივანიჭეთ სტატუსი, ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატ ქვეყანას 2023 წლის დეკემბერში, რომელიც დამყარებული იყო მოლოდინზე, რომ ეს არის არა მხოლოდ ქართველი ხალხის, არამედ ხელისუფლების სურვილიც, საქართველო ძალიან სწრაფად გამხდარიყო ევროკავშირის წევრი. როგორც ჩვენ ხმამაღლა და ნათლად განვაცხადეთ, საქართველოს უნდა გაეტარებინა რეფორმები. ეს რეფორმები არ იყო მხოლოდ საქართველოსთვის, რეფორმები ყველა კანდიდატ ქვეყანას ეხება, რომელსაც სურს, გახდეს ევროკავშირის წევრი.
საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წუთიდან, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე პროგრესს, ღიაობას, სურვილს, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამხდარიყვნენ ერთ-ერთი ჩვენგანი, არამედ – პირიქით. ამას მე ყოველთვის ვამბობდი და ბევრ თქვენგანს ახსოვს ეს, რომ ქმედებები, გადაწყვეტილებები, კანონმდებლობა, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიიღო ბოლო წელში, იმის მაგივრად, რომ დაეახლოებინა საქართველო ევროკავშირში წევრობასთან, აშორებს საქართველოს ევროკავშირს და თქვენ გაქვთ შედეგი. როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩიისთვის, ეს ძალიან გულდასაწყვეტია ჩემთვის, როდესაც ვხედავ, რომ გუშინ იყო კანდიდატ ქვეყნებთან ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა საქართველოს მონაწილეობის გარეშე“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.