ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი შედეგია, რომ შევძელით ყველა მხარესთან საუბარი. საპარლამენტო ასამბლეა ექვსი-შვიდი თვის განმავლობაში ყველა მხარესთან მუშაობდა. ბოლო ორ დღეში რაც იხილეთ, სწორედ ამ თვეების მუშაობის შედეგია, – ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პერე ჟოან პონს სამპიეტრომ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მათ საქართველოში გამართულ შეხვედრებზე დააყენეს ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის ყურადღება გამახვილდა დიალოგის არარსებობაზე.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განმარტებით, დიალოგის არარსებობის საკითხი დააყენეს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე და ოპოზიციასთანაც.

„პირველ რიგში, მინდა, ვთქვა, რომ ეს იყო გულახდილი და ნაყოფიერი ვიზიტი. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ისაა, რომ პირველივე დღეს შევხვდით იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომლებიც დაბრუნებას ვერ ახერხებენ.

ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო ამ ადამიანებთან სიახლოვე. ეს ორგანიზაცია საპარლამენტო ასამბლეაა, რომელშიც 300-ზე მეტი პარლამენტარია გაერთიანებული, თუმცა მისი მთავარი მიზანი მოსახლეობის ინტერესების დაცვაა. ჩვენ ერთ მილიარდზე მეტ ადამიანს წარმოვადგენთ და ქალთა საერთაშორისო დღეს სწორედ მათთან სიახლოვე იყო ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი.

ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი შედეგია, რომ შევძელით ყველა მხარესთან საუბარი. საპარლამენტო ასამბლეა ბოლო ექვსი-შვიდი თვის განმავლობაში ყველა მხარესთან მუშაობდა. ის, რაც ბოლო ორი დღის განმავლობაში იხილეთ, სწორედ ამ თვეების მუშაობის შედეგია. შევძელით თითქმის ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, ასევე, პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, პარლამენტის სპიკერთან შეხვედრა და ყველა მნიშვნელოვანი საკითხის დაყენება. ჩვენ ვისაუბრეთ დიალოგის არარსებობაზე, ბოიკოტზე და ძალადობაზე. ეს ორგანიზაცია გმობს ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას, თუმცა დემოკრატიულმა სისტემებმა ასევე უნდა დაიცვან მოქალაქეთა უფლებები. დიალოგის არარსებობის საკითხი დავაყენეთ პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, პარლამენტის სპიკერთან და ოპოზიციასთანაც. და უნდა ვთქვა — ამ ქვეყანაში დიალოგი არ არსებობს. შეიძლება, განსხვავებული შეხედულებები გვქონდეს, მაგრამ ჩვენი საყრდენი 2024 წლის მოხსენებაა და მიგვაჩნია, რომ ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ მისი რეკომენდაციების შესასრულებლად“, – განაცხადა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.