საპარლამენტო ფრაქცია "ევროპულმა საქართველომ" პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დასვა საკითხი, პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშნული წევრების გამოწვევის თაობაზე.
როგორც ბიუროს სხდომის დაწყებამდე "ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, კლანი, რადაც იქცა იუსტიციის საბჭო, წარმოადგენს იარაღს "ქართული ოცნების" ხელში იმისთვის, რომ საქართველოს სახელმწიფოს მოსტაცონ სასამართლო სისტემა ძალიან დიდი ხნით. "ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება სწრაფად დადგეს საკითხი საბჭოს იმ წევრების გამოწვევის შესახებ, რომლებიც არ ასრულებენ ჯეროვნად მათზე დაკისრებულ ვალდებულებას და არღვევენ კანონს. ის კი არ არის, რომ ჩვენ არ მოგვწონს მათი პოზიციები, არამედ მათ კონკრეტულად დაარღვიეს კანონი და არ შეასრულეს ვალდებულება, რისთვისაც აირჩიეს. ისინი აირჩია პარლამენტმა და პარლამენტმა უნდა გასცეს პასუხი" -განაცხადა ელენე ხოშტარიამ. მისი თქმით, საბჭოს წევრებმა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში დაარღვიეს კანონი, დღეს კი ბედავენ და აკეთებენ პოლიტიკურ განცხადებებს, რაც მათ ასევე კანონით აკრძალული აქვთ. "ევროპულმა საქართველომ" და შალვა შავგულიძემ კი არა, ვინც ამის ინიცირება მოახდინა, არამედ პასუხი პარლამენტმა უნდა გასცეს, რომ ასეთი თავგასული წევრები იქნებიან გამოწვეული. დღეს ისინი ბედავენ და არღვევენ კანონს, აკეთებენ პოლიტიკურ განცხადებებს, რაც აკრძალული აქვთ და ამას აკეთებენ იმიტომ, რომ "ქართული ოცნების" მხარდაჭერის იმედი აქვთ. ეს არის დაუშვებელი და პარლამენტი ვალდებულია ეს კლანი დაშალოს ამ ადამიანების იქიდან გამოყვანით"- თქვა ელენე ხოშტარიამ.