გლობალური ომის პარტიის მიერ დაგეგმილი მოვლენების შემადგენელ ნაწილად შეაფასა „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა პარლამენტში და მის ფარგლებს გარეთ ამ დღეებში განვითარებული მოვლენები.
„ეს არის დაგეგმილი მოვლენების ჯაჭვი, რომელიც ერთიან სცენარში ზის. ჩვენ დიდი ხანია ვაფრთხილებთ საზოგადოებას ამ კოორდინირებული ქმედების შესახებ, რომლის უკანაც დგას გლობალური ომის პარტია და რომელსაც ჰყავს აგენტურის კარგად შემუშავებული ქსელი რადიკალური ოპოზიციის და ხშირ შემთხვევაში, სხვადასხვა ინსტიტუციებში ჩანერგილი მათი წარმომადგენლების სახით, რომლებიც უსიტყვოდ ასრულებენ მათ დავალებებსა და ბრძანებებს,“ - განაცხადა მან მედიასთან საუბრისას.
ეკა სეფაშვილი სანქცირების თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ოპოზიციის მცდელობაა ნებისმიერი ფორმით შეეხოს საქართველოს სანქციები, რადგან სანქცირებულ ქვეყანას, ევროპული პერსპექტივა არ ექნება. „ცოტა შორიდან დავიწყებ, გახსოვთ ალბათ აშშ-ს იუსტიციის ვებგვერდზე FARA-ს კანონის მიხედვით, რომელიც ოპოზიციამ რუსულ კანონად მონათლა, გამოქვეყნებული ანგარიშით გავიგეთ, რომ სააკაშვილის ოჯახი აფინანსებს ლობისტებს, იმისთვის, რომ საქართველოს დაუწესდეს სანქცია. ეს სანქცირების თემა შეგვიძლია განვიხილოთ როგორც ერთი დიდი თემა. ჯერ ერთი, რომ სანქცირებულ ქვეყანას არავინ მიიღებს ევროკავშირში და არც სტატუსს მისცემს.
სწორედ ამას ცდილობენ გლობალური ომის პარტიის მომხრენი და მათი დამქაშები, რომ საქართველო არ მიიღოს სტატუსი და ეს გახდეს ქვეყანაში არეულობის მიზეზი. მეორე, თუ ამას ვერ მოახერხებენ, მაშინ პატარ-პატარა სანქციებით, ჯერ მოსამართლეებისთვის სავიზო რეჟიმის შეზღუდვით, ახლა ფარცხალაძის საკითხის გამოყენებით მიაღწიონ საწადელს. გვარებს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ის, რომ ყველანაირი ბერკეტი გამოეცალათ სანქცირების. არგუმენტები თითიდანაა გამოწოვილი. ეს კაცი არც ტელევიზიას ფლობს, არც რაიმე მედია-საშუალებას და არც რაიმე მნიშვნელოვან ხელმოსაჭიდს აქვეყნებენ მის წინააღმდეგ და არც ამ მიმართულებით ხორციელდება რაიმე ქმედება,“ - განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა.
მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სწორედ კონსტიტუციის დაცვის მცდელობაზე აქვს რადიკალურ ოპოზიციას ატეხილი ისტერია. „რას ვხედავთ, არის სრულიად ისტერია იმისა, რომ არ დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო, კონსტიტუცია და უდანაშაულობის პრეზუმფცია. სწორედ უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვის მიზნით მიიღო ეროვნულმა ბანკმა ეს დადგენილება. სები თავის დროზე, ომის დაწყების პირველივე ეტაპზე შეუერთდა საერთაშორისო სანქციებს და უკან არ დაუხევია. მაგალითად, იყო ასეთი „ვითიბი ბანკი" რომელიც ერთ შაბათ-კვირას დაიხურა, ისე, რომ მომხმარებელი არ დაზარალებულა. როდესაც პირველად დადგა ის მომენტი, როცა სანქციები შეეხო საქართველოს მოქალაქეს და იქ აღმოჩნდა, რომ ის ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციას, მაშინვე, ვისაც ქვეყნის მომავალი აღელვებს, ვისაც ქვეყნის მომავალი ადარდებს და ვისაც უნდა, რომ საქართველო იყოს ევროპული სახელმწიფო, ყველამ ერთნაირად წაიკითხა კონსტიტუცია. არავინ უარყოფს, რომ სანქციები უნდა გავრცელდეს ყველაზე, ვინც დამნაშავეა და ვინც ექცევა სანქციების არეალში შესაბამისი ქმედებებს გამო, მაგრამ ეს დადასტურებული უნდა იყოს კანონმდებლობის თანახმად. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის „ნოუჰაუ“, ესაა ევროპული და საერთაშორისო სამართლის ნაწილი. თუ გვინდა ევროპული სახელმწიფოს ჩამოყალიბება, შესაბამისად უნდა მოვიქცეთ, როგორც ეკადრება ევროპულ სახელმწიფოს.
თუმცა, რას ვხედავთ? ყოველი მცდელობა, როდესაც ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ დავიცვათ საქართველოს მოქალაქის უდანაშაულობის პრეზუმფცია, მოვახდინოთ რეაგირება პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევაზე სამართლებრივად თუ პოლიტიკურად, როდესაც ჩვენ ვცდილობთ სახელმწიფოს აღმშენებლობა მოხდეს ევროპული სტანდარტების შესაბამისად, იწყება გლობალური ომის პარტიის და ღალატის პარტიის წარმომადგენლების სრული ისტერია, რომ არ ვაშენოთ ჩვენი სახელმწიფო. ამ სურათს ვხედავთ ჩვენ, ესაა ძირითადი პრობლემა, ისინი ცდილობენ ტყუილი აღქმებით, მანიპულაციური დასკვნებით, დემაგოგიური პროპაგანდით შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში. თუმცა, ეს არის მხოლოდ მცდელობა,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.