„როდესაც მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებულმა ლობისტურმა კომპანიამ გამოაქვეყნა ანგარიშები აგენტების შესახებ კანონის მეშვეობით, რომელიც მათ რუსულად მონათლეს, გავიგეთ რომ სააკაშვილის ოჯახი აფინანსებდა ლობისტებს იმისათვის, რომ მათ ქვეყნისთვის დაეწესებინათ სანქციები. ითხოვდნენ არა ხელისუფლებისთვის, არა „ოცნების“ წევრებისთვის სანქციების დაწესებას, არამედ ფული გადახდილი იყო იმაში, როგორც აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე ეწერა, რომ ამ ხალხს ეზრუნა საქართველოს, როგორც ქვეყნის სანქცირებაზე. ამაზე მეტი ღალატი რაღა გინდა“ - განაცხადა  მედიასთან საუბრისას „ხალხის ძალის“ წევრმა  ეკა სეფაშვილმა.

მან სხვა შემთხვევაც გაიხსენა, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ  საქართველოს  შეექმნას ბარიერები და ქვეყანას შეეხოს  სანქციები. „იგივე სალომე სამადაშვილს აქვს ნათქვამი ერთ-ერთ გადაცემაში, რომ „ჩვენ ვითხოვთ საქართველოს სანქცირებას“. ანუ, მთელი ეს რადიკალური ოპოზიცია მისდევს და ცდილობს გაატაროს ხაზი, რომ საქართველოს შეექმნას ბარიერი და ქვეყანა დაასანქცირონ.

ამ მცდელობებს ჰქონდა გარკვეული წარმატება. ჩვენ ვნახეთ, 4 ქართველი მოსამართლის სანქცირება, რომლებთან მიმართებით არ ვიცით, რა იყო გამოყენებული ამ გადაწყვეტილების საფუძვლად. ახლა, იგივე სანქციები შეეხო ფარცხალაძეს, რომელიც რაღაც ბიზნესს ფლობს რუსეთში, თუმცა, კონკრეტულ ფაქტებს ჯერ არ გვეუბნებიან და მიმდინარეობს გამოძიება“  - განაცხადა  ეკა სეფაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა აშშ-ს ადმინისტრაციაში არსებულ იმ გავლენებზე, რომლებიც მიმართულია საქართველოს  წინააღმდეგ, თუმცა,  აქვე დასძინა, რომ  მართალია უმცირესობაში, მაგრამ არიან ჩვენი ქვეყნის  მხარდამჭერებიც. „აშშ-ს ადმინისტრაციის გარკვეული, საკმაოდ დიდი და გავლენიანი ნაწილი როგორც ჩანს, ფიქრობს და ახორციელებს ქმედებებს საქართველოს წინააღმდეგ. თუმცა, საბედნიეროდ არიან მხარდამჭერებიც, მართალია უმცირესობაში. გავიხსენებ იგივე იმ მაღალჩინოსანს, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს საბაჟო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ნაწილში წარმატებით ართმევს ამოცანებს თავს; გავიხსენებ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას, რომ საქართველო არის აშშ-ს ის სტრატეგიული მოკავშირე, რომელიც რეგიონში მტკიცედ უჭერს მხარს დასავლურ ცივილიზაციურ გზას; გავიხსენებ ასევე იმ ფაქტს, რომ ჩვენთვის კარგად ნაცნობმა ამერიკელმა სენატორებმა, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ აკეთებდნენ განცხადებებს, როცა მათ გზაში დააწიეს ინფორმაცია, პირდაპირ ეთერში შეცვალეს ნარატივი" -  განაცხადა ეკა სეფაშვილმა.