"პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ამ მნიშვნელოვან, საერთაშორისო თავყრილობაზე, კონსერვატორების კონფერენციაზე მართლა შთამბეჭდავი გამოსვლა ჰქონდა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით კონსერვატორების შეკრებასა და იმაზე მსჯელობას მოიცავდა, თუ რა არის ის ღირებულებები, რომელთაც საზოგადოებაში მორალის, ხოლო ქვეყნების განადგურებისგან გადარჩენის დიდი მისია და როლი აკისრიათ", - ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მსოფლიოში გლობალიზაციის პროცესი მიმდინარეობს და გადარჩებიან ის ქვეყნები და ერები, რომლებიც თავიანთ ეროვნულ იდენტობას შეინარჩუნებენ.
„მთელი მსოფლიო (და კონსერვატორების კონფერენციაც ამას მოწმობს) შეშფოთებულია იმ უმცირესობების ძალადობით უმრავლესობაზე, რომელსაც ისინი ფსევდოლიბერალიზმის სახელით ახორციელებენ. ფსევდოლიბერალიზმს იმიტომ ვახსენებ, რომ თვითონ ლიბერალური ღირებულებების წინააღმდეგნი არც ჩვენ და არც კონსერვატორები ნამდვილად არ ვართ. კონსერვატორული ღირებულებები, რაზეც არამხოლოდ ჩვენი, არამედ, მსოფლიო მასშტაბით ყველა ქვეყანაა დაფუძნებული - ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, ოჯახი, ეს ყველა, ჭეშმარიტად ეროვნულად მოაზროვნე ადამიანისთვის მნიშვნელოვანია და აქ პირად, გამოხატვის თუ სიტყვის თავისუფლებას, რა თქმა უნდა, თავისი, განსაკუთრებული როლი უკავია. მაგრამ, როდესაც საუბარი ეხება ფსევდოლიბერალიზმს, რომელიც რეალურად ფაშიზმში გადადის, სწორედ ამის წინააღმდეგ იბრძვის დღეს თანამედროვე მსოფლიოს ძალიან დიდი ნაწილი. სწორედ ამ ტრიბუნაზე პრემიერი ძალიან შთამბეჭდავად გამოვიდა და ყველას, მთელ მსოფლიოს გაგებინა, რომ დიახ, საქართველო იმ ღირებულებების დამცველი ქვეყანაა, რომელმაც ჩვენი ქვეყანა მოიყვანა დღემდე, რომლითაც ვიხელმძღვანელებთ მომავალშიც და რომელიც აუცილებლად გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას.
ბატონმა პრემიერმა ეს ტრიბუნა ძალიან კარგად გამოიყენა იმისთვის, რომ ყველასათვის გაეცნო ის პროგრესი, რასაც საქართველომ მიაღწია ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესში. ეს აღიქმება ევროინტეგრაციის პროცესად, რადგან ის ღირებულები, რაც ჩვენს სახელმწიფოს მიზნად აქვს დასახული, რა თქმა უნდა, ევროინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯებია, მაგრამ რეალურად, ის ღირებულებები და მიზნებია, რაც ზოგადადაც გვინდა. ევროინტეგრაცია რომ არ გვინდოდეს, ამ ღირებულებებისკენ მაინც წავიდოდით. ასე რომ, ეს ძალიან კარგია, ჩვენს რეალურ ღირებულებებს, ფასეულობებს, მისწრაფებებს და კულტურას რომ ემთხვევა სწორედ ის ღირებულებები, რაც გაწერილია ასოცირების შეთანხმებაში. სწორედ იმიტომ არის ქართველი ხალხის არჩევანი - ევროპული არჩევანი. რასაც ზოგჯერ ოპოზიციონერები და მოწინააღმდეგეები გვიკიჟინებენ, რომ ხალხის დამსახურებაა ეს ევროპული გზა და ევროპული ინტეგრაციაო, არა, ხალხის დამსახურება კი არ არის, ჩვენი ისტორიული არჩევანია. მოგეხსენებათ დღევანდელ მსოფლიოში გლობალიზაციის პროცესი მიმდინარეობს. როგორც კულტურული, ასევე, სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით რომ შევხედოთ, ერთი დიდი გლობალური სოფელია ჩვენი პლანეტა. აქ, ამ ვითარებაში, პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, გლობალურ მსოფლიოში გადარჩებიან ის ქვეყნები და ერები, რომლებიც თავიანთ ეროვნულ იდენტობას შეინარჩუნებენ იმიტომ, რომ ასეთ გლობალურ და უნიფიცირებულ მსოფლიოში წარმატება მოაქვს მხოლოდ ეროვნულ-კულტურულ ღირებულებებზე დაფუძნებულ უპირატესობებს და ეს არის სწორედ ჩვენი სიძლიერე, რაც პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
ეკა სეფაშვილმა გადაცემაში რადიკალური ოპოზიციის მიდგომაზეც ისაუბრა, რომელიც ღიად ეწინააღმდეგება სარწმუნოებრივ და ტრადიციულ ღირებულებებს.
„ამ რადიკალებისა და ზოგადად, ოპოზიციონერების მიდგომაა, რომ რაც არ მოსწონთ, რაც მათი პოზიციების გამყარებას ემუქრება, ან ძალაუფლებისთვის ბრძოლაში რაც მათ ასუსტებთ, ასევე, როცა არგუმენტი არ აქვთ, ყველას და ყველაფერს უაპელაციოდ „რუსულის“ ან „რუსეთუმეს“ იარლიყს აკერებენ. ისინი არიან ეროვნული იდენტობის, ტრადიციების, ქრისტიანული და ზოგადად, სარწმუნოებრივი ღირებულებების წინააღმდეგი. მათ რიგებში უხვად არიან წარმოდგენილნი ეკლესიისა და ჩვენი ტრადიციული ღირებულებების მაგინებლები.
რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ეროვნული იდენტობის, ტრადიციების, ქრისტიანული და ზოგადად, სარწმუნოებრივი ღირებულებების წინააღმდეგნი არიან. როდესაც 2012 წელს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, ოპოზიციისგან აქტიური მცდელობა იყო, რომ მიეკერებინათ „რუსული ძალის“, „რუსეთუმეების“ იარლიყი. როგორც კი ჩვენმა პრემიერმა გადაწყვიტა ამ კონფერენციაში მონაწილეობა, მაშინვე წამოვიდა ოპოზიციისგან ნარატივი, რომ თურმე როგორ შეიძლება კონსერვატორული აზრები გაგაჩნდეს. აღსანიშნავია, რომ მე ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაციის წევრი ვარ და სწორედ ერთ-ერთ ბოლო სესიაზე, რომელიც 23-26 აპრილს გაიმართა, გავხდი კონსერვატორთა ჯგუფის წევრი. ეს ჯგუფი იქ სიდიდით მესამე ძალაა და როგორც ევროპაში, ასევე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, დღითი დღე ძალას იკრებს“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.