საზოგადოებისათვის თვალის ახვევის მცდელობად აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი ეკა სეფაშვილი ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლის მცდელობას მოევლინოს საზოგადოებას ახალ პოლიტიკურ ცენტრად. „მესამე ძალად“ თავის წარმოჩენის მცდელობისთვის, ეკა სეფაშვილის თქმით, ოპოზიციას აქამდეც არაერთხელ მიუმართავს.
„გადაადგილებები, რომლებიც ემსახურება ვითომდა „მესამე ძალის“, „მესამე ცენტრის“ შექმნას, რა თქმა უნდა, არის საზოგადოებისათვის თვალის ახვევის მცდელობა.
ჩვენ, რამდენჯერმე უკვე ვიხილეთ მსგავსი ტიპის მცდელობები - იყო ეს 2020 წელს, როდესაც „ლელო“ ცდილობდა საზოგადოებისათვის ეჩვენებინა, რომ „მესამე ძალა“ იყო, ასევე 2021 წელს, როდესაც გახარიას პარტია შეეცადა „მესამე ძალის“ იმიტაციის შექმნას. მაგრამ ამ განვლილ 2-3 წელში საზოგადოება დარწმუნდა, რომ ისინი ნაცკლასტერის ომისა და ღალატის პარტიის დაკვეთებს ასრულებდნენ, ერთიან ნარატივზე სხედან და არიან ნაცკლასტერის განშტოებები,“ - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა.