პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი საფრანგეთსა და გერმანიაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ევროპული ქვეყნების ხელმძღვანელების პოლიტიკას ეხმიანება.

როგორც სეფაშვილი აღნიშნავს, საფრანგეთისა და გერმანიის ხელმძღვანელობა საკუთარი ქვეყნების ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ და ბრიუსელის პოლიტიკური ხაზის გამტარებლები არიან. მისი შეფასებით, ევროკავშირის დღევანდელი პოლიტიკა სულ უფრო მეტად სცილდება იმ ეკონომიკურ და ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომლებსაც თავდაპირველად ეფუძნებოდა გაერთიანება.

„საფრანგეთისა და გერმანიის ხელმძღვანელობა არ მოქმედებს საკუთარი ქვეყნების ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ისინი ემორჩილებიან ბრიუსელის ინტერესებს, რომლის მიზნებიც ბოლო პერიოდში ეწინააღმდეგება როგორც ევროპელი ხალხების ინტერესებს, ისე იმ სტანდარტებსა და მოთხოვნებს, რომლებმაც თავის დროზე ევროკავშირის შექმნა განაპირობა. არაერთხელ გვისაუბრია ევრობიუროკრატიის ორმაგი სტანდარტების შესახებ საქართველოსთან მიმართებით. თუ თავდაპირველად ეს თითქმის გმირობის ტოლფასი იყო და გაჟღერებული ფაქტების გამო „ბნელებს“ გვიწოდებდნენ, დღეს ამ საკითხზე ყველა საუბრობს. შევეჩვიეთ კიდეც ევრობიუროკრატიის ორმაგ სტანდარტებს და აღარ გვიკვირს ბევრი რამ.

სწორედ ამ კონტექსტში ხშირად ისმოდა კითხვა - რას უნდა ველოდოთ და როდის დასრულდება ევრობიუროკრატიის ორმაგი სტანდარტი? ჩვენ ვამბობდით, რომ ეს პროცესი დიდხანს არ გაგრძელდებოდა და საბოლოოდ თავად ბუმერანგის პრინციპით შემოუბრუნდებოდათ. „იფსოსის“ ეს კვლევა და მერცისა და მაკრონის რეიტინგები სწორედ ამ ბუმერანგის ეფექტის გამოხატულებაა, რომელიც მათ საკუთარ ქვეყნებში მიიღეს.

ამ ქვეყნების მოსახლეობა კარგად ხედავს, როგორ უარესდება მათი კეთილდღეობის დონე იმ პოლიტიკის გამო, რომელსაც მათი ხელმძღვანელობა ევრობიუროკრატიის დაკვეთით ახორციელებს. ევრობიუროკრატია, თავის მხრივ, გლობალური ძალების ინტერესებს ემსახურება, რომელთა ამოცანებში ევროკავშირის ეკონომიკური გაჯანსაღება პრიორიტეტული არ არის.

თავდაპირველად ევროკავშირი სწორედ ეკონომიკური მიზნებით შეიქმნა. ეკონომიკური ამოცანები იყო უპირველესი იმ ექვსი ქვეყნისთვის, რომლებმაც ეს გაერთიანება შექმნეს. ამ პროექტს საფუძვლად ედო ის პრინციპიც, რომ სტაბილური ეკონომიკური განვითარება შეუძლებელია ფუნდამენტური ღირებულებების დაცვის გარეშე. შემდგომში ეკონომიკური თანამშრომლობა პოლიტიკურ თანამეგობრობაში გადაიზარდა - გაღრმავდა ეკონომიკური ინტეგრაცია და ამ პროექტმა უფრო მკაფიო პოლიტიკური ელფერი შეიძინა. საბოლოოდ, ევროკავშირი გლობალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოთამაშედ ჩამოყალიბდა.

თუმცა, როდესაც ევროპული სახელმწიფოები ამ ინტერესების გარშემო ერთიანდებოდნენ, დროთა განმავლობაში ეს ინტერესები დაიკარგა. აღმოჩნდა, რომ ეკონომიკური და პოლიტიკური გაერთიანება უკვე არა ევროპელი ხალხების, არამედ სხვა ძალების ინტერესებს ემსახურება, რომელთათვისაც ფუნდამენტური და დემოკრატიული ღირებულებები მეორეხარისხოვანია. ამ ძალებისთვის ევროპული ქვეყნების ეკონომიკური განვითარება პრიორიტეტული აღარ არის - მათ სხვა ინტერესები აქვთ და სწორედ ამან გამოიწვია ის პროცესები, რომლებსაც დღეს ვხედავთ.

შედეგად, გერმანიაში მემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“, ერთ-ერთ მიწაზე გამარჯვება უპრეცედენტო მოვლენად იქცა და მათი რეიტინგი მუდმივად მზარდია. მსგავსი ტენდენციები შეინიშნება საფრანგეთშიც - ლე პენის პარტია უფრო მემარჯვენე იდეებით გამოდის და ეწინააღმდეგება იმას, რასაც დღეს ლიბერალიზმის სახელით გვთავაზობენ. ლიბერალიზმი თავისთავად ძალიან კარგი მიმდინარეობაა, თუმცა ის, რასაც დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკური ხელმძღვანელობა ქადაგებს, ჩემი აზრით, ლიბერალიზმი არ არის - ეს არის ფაშიზმი, უაზრო ღირებულებების წინ წამოწევა და იმ პრინციპების უგულებელყოფა, რომლებიც საფუძვლად უდევს ევროკავშირსა და ადამიანის უფლებებს.

ევროპულ საზოგადოებებსა და ქვეყნებში კრიზისი იმდენად ღრმავდება, რომ ეს, საბოლოოდ, თვითგაწმენდის პროცესს გამოიწვევს. გერმანიაში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში ნელ-ნელა უფრო მეტად დავინახავთ იმ ძალების გამარჯვებას, რომელთა უპირველესი ამოცანა საკუთარი ქვეყნების ეროვნული ინტერესების დაცვაა. შესაბამისად, ასეთი ძალები სხვა ქვეყნების ეროვნულ ინტერესებსაც, პირველ რიგში კი საქართველოს ინტერესებს, აუცილებლად პატივს სცემენ,”- განაცხადა ეკა სეფაშვილმა.