ცალკეული კაცი დეპუტატები ისეთი ფორმით საუბრობენ ქალი პრეზიდენტის მიმართ, რომ მე მრცხვენია მათ მაგივრად, - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.

„უკვე ღიმილის მომგვრელია ის განცხადებები, რომელიც ისმის პრეზიდენტის მისამართით პარლამენტიდან ცალკეული პირების მხრიდან, რომლებიც თავს უფლებას აძლევენ... სხვათა შორის კრიტიკის უფლება ყველას აქვს, მაგრამ უზრდელობის უფლებას აძლევენ თავს, ისეთი ფორმით საუბრობენ ქალი პრეზიდენტის მიმართ, რომ მე მრცხვენია მათ მაგივრად, ვგულისხმობ იმ კაც დეპუტატებს, რომელთაც კონტროლი, მუხრუჭი და ეთიკა საუბრის დროს არ აქვთ. რაც უნდათ ის ქნან, პრეზიდენტი არც ნებართვების აღებას აპირებს, როგორც ვიცი, ასეთი ვიზიტების დროს, რომელსაც  არ მოჰყვება კონკრეტული  სამართლებრივი იურიდიული შედეგი და ეს წერია ზუსტად კონსტიტუციაში, ამიტომაც ის იქცევა ისე, როგორც წერია  კონსტიტუციაში და არა ისე , როგორი ბრძანებაც ჰქონდა ცალკეულ პირებს ამ ნორმის განმარტების“, - განაცხადა ეკა ბესელიამ, „ტვ პირველის“ ეთერში.