ეკა ბესელია საკონსტიტუციო ცვლილებებზე: იწილო-ბიწილო და გადაბრალება იქეთ-აქეთ არ გამოვა, იმიტომ რომ ეს არის სრულად ხელისუფლებაზე პასუხისმგებლობა

1591183621
"მე შემიძლია თამამად გითხრათ, რომ არაფერი გამორიცხული არ არის. ისეთი რამეც კი, რაც შეიძლება ლოგიკურ განსჯას სცდებოდეს და შეიძლება ვერ წარმოგვედგინოს. მე ვუშვებ ნებისმიერი სცენარის განვითარებას ლოგიკის საპირისპიროდ. სამწუხაოდ, ეს არის მოცემულობა და ზუსტად იმიტომ,რომ ეს არის მოცემულობა, როცა ძნელია სამართლის, კანონის და პოლიტიკური წესების სივრცეში მოაქციო ამ პროცესის განვითარება, ამიტომაც გვმართებს ჩვენ მეტი სიფრთხილე, რომ არ დავუშვათ ის, რომ მიზეზის ძებნაში მყოფი ხელისუფლება აღმოჩნდეს ამ მიზეზით შეიარაღებული".
ასე უპასუხა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტების შეკითხვას, არის თუ არა მოსალოდნელი,რომ ახალ საკონტიტუციო ცვლილებებთან მიმართებითაც ისეთი სიურპრიზი მიიღოს საზოგადოებამ, როგორც ეს იყო გასული წლის 14 ნოემბერს, როდესაც საარჩევნო ცვლილების პროექტი ჩავარდა.
ეკა ბესელიას თქმით, ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა, სწორედ მას აკისრია, ის არის პასუხისმგებელი სტაბილურობაზე,საარჩევნო ცვლილებაზე, რომელიც იყო საჯარო დაპირება .
"რაც შეეხება ოპოზიციის პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა, ოპოზიცია პასუხისმგებლობისგან სრულად ვერ გათავისუფლდება. პასუხისმგებლობის გარკვეული წილი მოდის ჩვენზე. ეს პასუხისმგებლობა, მაგალითად, გამოიხატება იმ დღეს, როდესაც კენჭისყრა ჩატარდება, ჩვენი ხმების გამო ეს კანონპროექტი არ უნდა ჩავარდეს, ეს არის ჩემი პირადი პოზიცია და არ ვარ ერთადერთი ვინც ასე ფიქრობს. თუმცა, წინაპირობები, რომელიც ქმნის ბარიერს ამ კენჭისყრაში ყველას მონაწილეობის, ეს წინაპირობები უნდა შესრულდეს და ეს ბარიერები უნდა მოხსნას თავად ხელისუფლებამ და მმართველმა პარტიამ. იწილო-ბიწილო და გადაბრალება იქეთ-აქეთ არ გამოვა, იმიტომ რომ ეს არის სრულად ხელისუფლებაზე პასუხისმგებლობა, წინაპირობების დაცვა და ბარიერების მოხსნა. მაგრამ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გავა სწორედ იმ კენჭისყრაზე, სადაც 113 ხმას არ უნდა დააკლდეს ჩვენი ხმა. თუკი უმრავლესობიდან მას ყველა მისცემ ხმას, აღმოჩნდება, რომ ოპოზიციის ხმა დააკლდა და ამის გამო საარჩევნო სისტემა ჩავარდება, ეს იქნება ნაწილობრივ ჩვენი პასუხისმგებლობა",- განაცხადა ეკა ბესელიამ.