ქვეყანა დღეს უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისში იმყოფება, რასაც უფრო აღრმავებს უკიდურესად პოლარიზებული გარემო. ეს ვითარება ხელს უშლის სახელმწიფოს ნორმალურ განვითარებას, ინსტიტუტების გაჯანსაღებას და საზოგადოებრივი ერთიანობის აღდგენას, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ლანა გალდავამ განაცხადა.

მისი თქმით, ამავე დროს, საქართველოში კრიტიკულად მაღალია, როგორც პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პატიმართა რაოდენობა, ისე არასაპატიმრო სასჯელების მაჩვენებელი.

ლანა გალდავა ამბობს, რომ ფართომასშტაბიანი და სამართლიანი ამნისტია უნდა გახდეს საზოგადოების შერიგების, პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვისა და ჰუმანური სახელმწიფოსკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

„საქსტატის 2025 წლის მონაცემებით, მსჯავრდადებულთა რაოდენობა შეადგენს 22 767 ადამიანს, ხოლო პატიმართა რაოდენობა – 11 153 ადამიანს. კრიტიკულად აუცილებელია პენიტენციური სისტემის სასწრაფო და ფუნდამენტური რეფორმა. სისტემა პრაქტიკულად მოშლილია. მძიმე მდგომარეობაშია პატიმართა უფლებები, კვების პირობები, ყოველდღიური ყოფა და უსაფრთხოების გარემო. ციხეებში კვლავ გაიზარდა ქურდული სამყაროს გავლენა. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები – ციხის ხელმძღვანელის თვითმკვლელობა და პენიტენციური სისტემის მაღალჩინოსნების დაკავებები – პირდაპირ მიუთითებს, რომ სისტემა მძიმე კრიზისშია და სახელმწიფოს მხრიდან კონტროლი, ფაქტობრივად, შესუსტებულია. დღეს საქართველოს ციხეები სავსეა პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანებით. ყოველდღიურად მიმდინარეობს მოქალაქეების დაკავება დრაკონული და ანტიდემოკრატიული კანონების საფუძველზე – კანონების, რომლებიც ადამიანებს საკუთარი უფლებების დაცვის, შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებას უზღუდავს. აქციების დროს დაკავებული სინდისის პატიმრები რეალურად პოლიტიკური ნიშნით იხდიან სასჯელს. ეს არ არის სამართალი, ეს არის პოლიტიკური დევნა. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ფართომასშტაბიანი და სამართლიანი ამნისტია უნდა გახდეს საზოგადოების შერიგების, პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვისა და ჰუმანური სახელმწიფოსკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

ჩვენი პოზიცია მკაფიოა – სასჯელების მუდმივი გამკაცრება არ არის გამოსავალი. სახელმწიფო, პირველ რიგში, ორიენტირებული უნდა იყოს დანაშაულის პრევენციაზე, ადამიანის რეაბილიტაციასა და პატიმრობის ღირსეული პირობების უზრუნველყოფაზე. პოლარიზაციის დასრულების, არსებული უმძიმესი პოლიტიკური ვითარების განმუხტვისა და ქვეყნისთვის ახალი პოლიტიკური სივრცის გახსნის მიზნით, „ძლიერი საქართველო – ლელო“ გამოდის ინიციატივით, გამოცხადდეს სამართლიანი და ფართომასშტაბიანი ამნისტია“, – განაცხადა ლანა გალდავამ.