საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი, ზვიად ძიძიგური ზუგდიდში "ქართული ოცნების" მიერ მერობის კანდიდატად გეგა შენგელიას კანდიდატურის წარდგენას მიესალმა და განაცხადა, რომ ზუგდიდი განსაკუთთრებული ყურადღების ქვეშ იქნება, რადგან ეს ქალაქს სჭირდება.
"მოგესალმებით ძვირფასო ზუგდიდელებო! მაგარო ხალხო, მაგარი ქალაქის მაგარო შვილებო! მე მინდა განსაკუთრებით ახალგაზრდობამ იცოდეს 1993 წლის 24 სექტემბერს მე ვიყავი ზუგდიდში სხვა ჩემს კოლეგასთან ერთად, უზენაესი საბჭოს წევრთან ერთად, რომელიც ზვიად გამსახურდიას დროინდელი პარლამენტი გახლდათ, როდესაც ზვიად გამსახურდია ჩამოვიდა ზუგდიდში. ეს იყო სრულიად დაუვიწყარი მოვლენა. მე მახსოვს ნახევარ საათში როგორ გაივსო დღეს რომ თავისუფლების მოედანს ვეძახით, ის მოედანი, და ხალხი გზადაგზა იცვამდა ტანზე. გაივსო ისე, რომ ნემსი არ ჩავარდებოდა, ძალიან ძნელი და რთული იყო მაშინ ზვიად გამსახურდიასთვის მხარის დაჭერა, ეს მთელმა სამეგრელომ, ზუგდიდმა მაშინ გაბედა, გააკეთა ის, რასაც გააკეთებს ყველაზე ღირსეული ქალაქი, თუკი ასეთი რამ არის შესაძლებელი. შემდეგ დაისაჯა ამისთვის სამეგრელო მთლიანად - ამ მხარდაჭერისთვის, ზუგდიდიც დაისაჯა, მაგრამ ეს ქალაქი, ეს მხარე დარჩა, იმ მძიმე წლებში, მძიმე წუთებში როგორც ერთ-ერთი ყველაზე უფრო მეტად ეროვნული ქალაქი, პატრიოტული ქალაქი. ფაქტობრივად, დედაქალაქის ფუნქციები ჰქონდა შეთავსებული მაშინ ზუგდიდს, რადგან უზენაესი საბჭოს სხდომები ტარდებოდა, მთავრობის სხდომები ტარდებოდა. ეს არის სრულიად განსაკუთრებული ქალაქი, ახალგაზრდებმა მინდა რომ განსაკუთრებით იცოდეთ რომ ასეთი ისტორია აქვს ამ ქალაქს, ამ ქალაქის მკვიდრებს. აქ ჩემს ბევრ თანამებრძოლს ვხედავ, ყველას მივესალმები, და მინდა გითხრათ, რომ ასეთ ქალაქს სწორედაც რომ განსაკუთრებული მერი სჭირდება. ისეთი მერი სჭირდება, რომელიც იქნება თავისი პატრიოტიზმით, საქმის ცოდნით, თავისი ქალაქის მიმართ ერთგულებით გამორჩეული, სწორედ ასეთი კაცია შერჩეული - გეგა შენგელიას სახით ზუგდიდის მერად. დარწმუნებული ვარ, მის გამარჯვებაში ჩვენ ეჭვი არ გვეპარება და მინდა გითხათ, რომ დღეს გეგა შენგელიას წარსადგენად ჩამოსულია საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ჩამოსულია „ქართული ოცნების“ ყველაზე თვალსაჩინო და ცნობილი პოლიტიკური ლიდერები, - ეს ნიშნავს იმას, რომ ზუგდიდს ექნება განსაკუთრებული მხარდაჭერა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ. ეს პოლიტიკურადაც ამას ნიშნავს, მორალურადაც ამას ნიშნავს და ყველა თვალსაზრისით ამას ნიშნავს, რომ ზუგდიდი იქნება სწორედ განსაკუთთრებული ყურადღების ქვეშ, რადგან ამ ქალაქს ეს სჭირდება, ამ ქალაქმა ეს დაიმსახურა. წარმატებები ყველას ერთად, წარმატებები ერთად ვუსურვოთ ბატონ გეგა შენგელიას და დიდი გამარჯვებებისკენ ვიაროთ ყველამ ერთად“-განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.