დროა, ქართველი ხალხი გაერთიანდეს, რომ ნამდვილად შეესაბამებოდეთ თქვენს დევიზს, რომ ძალა ერთობაშია -  ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

„იმას ვიტყვი, რომ საქართველო პოლარიზებული იყო, როდესაც აქ ჩამოვედი სამნახევარი წლის წინ. მცდელობები იყო ქართველის დასაახლოებლად. ვფიქრობ, ყველა ვაღიარებთ, რომ რაც უფრო გაყოფილია საქართველო, ერთადერთი, ვინც სარგებელს იღებს ამით არის რუსეთი. და ეს რუსული და პრო-რუსული დეზინფორმაციაა, რომელიც აგრძელებს ამ ქვეყნის დაყოფას და შეცდომაში შეყვანას.

ეს ძალიან სახიფათოა. ქართველებმა იციან ეს ტაქტიკა, თქვენ ბევრი ათწლეულის განმავლობაში ცხოვრობდით რუსულ მცდელობებთან ერთად განეყო, შეეშინებინა და შეცდომაში შეეყვანა [საქართველოს] მოსახლეობა. რასაც ვიმედოვნებ არის ის, რომ კვლავ არსებობს გაერთიანების მცდელობა, არა მხოლოდ ამ წარმოუდგენელი შესაძლებლობისთვის, რომ ევროინტეგრაციას დაუახლოვდეთ, რაც ქართველი ხალხის ნათელი არჩევანია, არამედ ისიც, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესია მიმდინარეობს. ეს დროა, ქართველი ხალხი გაერთიანდეს, რომ ნამდვილად შეესაბამებოდეთ თქვენს დევიზს, რომ ძალა ერთობაშია.

ერთმანეთის მოსმენა, განსხვავებული მოსაზრებების არსებობის მიღება რთული არ არის. აშშ 30 წელია მხარს უჭერს საქართველოს მცდელობებს ააშენოს დემოკრატია. ეს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერასაც მოიცავს, ეს თავისუფალი, ცოცხალი, პასუხისმგებლობიანი მედიის მხარდაჭერასაც მოიცავს. ყველამ უნდა ითამაშოს ამაში როლი: პოლიტიკოსებმა, მედიამ, ჟურნალისტებმა, სამოქალაქო საზოგადოებამ. რათა საქართველოს ინტერესები იყოს უპირველეს ყოვლისა, რათა პოლიტიკური ჩხუბები გვერდზე გადაიდოს.

პოლიტიკოსები იმას იტყვიან, რაც უნდა თქვან. ყველამ ვიცით, რომ პოლიტიკური თამაშები მიმდინარეობს, ხშირად კამერების წინ. მაგრამ , რეალურად, ახლა დროა, რომ საქართველოს ინტერესები იყოს უპირველეს ყოვლისა. აშშ-ს ყველაზე მეტად საქართველოს წარმატება სურს, ევროკავშირის წევრობაში თქვენი წარმატება, ნატო-ს წევრობაში თქვენი წარმატება. ამაში ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი საქართველოს მომავლისთვის ერთად მუშაობაა. ძალა ერთობაშია“, - აცხადებს ამერიკის ელჩი.