პარლამენტმა 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა გუშინ განიხილა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გუშინ განაცხადა, საგამოძიებო კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სახელით დადგენილების პროექტი მომზადდება, რომელსაც პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კენჭს უყრის.
დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანის თქმით, კომისიამ დაადგინა, რომ 2004-2012 წლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ „ნულოვანი ტოლერანტობის“ სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების შედეგად: შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებსა და სასჯელაღსრულების სისტემაში დაკავებულ პირთა და პატიმართა მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა იყო სისტემატური და სისტემური, რაც ევროპული სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული; დაკავებულ პირთა და პატიმართა მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა ატარებდა საყოველთაო ხასიათს და იყო პოლიტიკური თანამდებობის პირების, პირველ რიგში კი - მიხეილ სააკაშვილის მიერ დამკვიდრებული და სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილი ქმედება; სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული პატიმრობის პირობები ცალკე აღებული უტოლდებოდა წამებასა ან არაადამიანურ მოპყრობას; პატიმართა მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სხვადასხვა სასტიკი მეთოდების გამოყენებას ჰქონდა თითქმის ყოველდღიური ხასიათი.
მისივე თქმით, პროკურატურა, როგორც წამყვანი სამართალდამცავი ორგანო, არამცთუ არ ასრულებდა მისთვის კანონით დაკისრებულ მოვალეობებს და არ ატარებდა სრულყოფილ და ობიექტურ გამოძიებას წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, პირდაპირ იყო ჩართული პატიმართა მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევაში.
თეა წულუკიანის განცხადებით, კომისიამ ასევე დააგინა, რომ დაუსჯელობის სინდრომი და მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერა სამართალდამცავ სტრუქტურებში ძალადობის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო.
„ამას მოწმობს ისიც, რომ, მიუხედავად იმ ფაქტებისა, რაც დასკვნაშია მოყვანილი, მიხეილ სააკაშვილმა არაერთი პირი, რომელიც თავად სჩადიოდა წამებას ან არაადამიანურ მოპყრობას ან სათავეში ედგა ძალადობრივ სისტემას, საპრეზიდენტო ორდენებით დააჯილდოვა. საგამოძიებო კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, სხვა შესაბამისი ორგანოების ხელშეწყობით, უზრუნველყოს 2004-2013 წლებში გაცემული ჯილდოების საკითხის გადასინჯვა, განსაკუთრებით კი, იმ პირების შემთხვევაში, რომელთაც ადამიანის წინააღმდეგ დანაშაული აქვთ ჩადენილი“, - აღნიშნა კომისიის თავმჯდომარემ.
თეა წულუკიანის განცხადებით, სასამართლო ხელისუფლება არ რეაგირებდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, რითაც უხეშად არღვევდა საქართველოს კანონმდებლობასა და ევროპულ კონვენციას.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, 2004-2009 წლებში, სახალხო დამცველის აპარატი იყო ერთადერთი სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც სწრაფად რეაგირებდა საჩივრებზე, გამოავლენდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს და სისტემატურად ითხოვდა მათზე სათანადო რეაგირებას.