უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ამბიციები არ შემოიფარგლება მისი უშუალო მეზობლების საზღვრებით და უფრო შორს წავა, იმდენად, რამდენის საშუალებასაც მას მისცემენ.
როგორც "ევროპული პრავდა" იუწყება, ამის შესახებ მან 65 ქვეყნის 160-ზე მეტი მედიასაშუალების წარმომადგენელთან ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა.
კულებამ გაიხსენა 2021 წლის ბოლოს რუსეთის მიერ გავრცელებული დოკუმენტი, რომელიც ნატოს 1997 წლიდან საზღვრებში დაბრუნებას ითხოვდა.
„პუტინის ამბიციებს მხოლოდ მოლდოვით და საქართველოთი არ შემოვფარგლავდი. მისი გეგმები ბევრად უფრო შორს მიდის და ის წავა იქამდე, რამდენადაც მას დაუშვებენ.
სწორედ ამიტომ, ყველაზე ეფექტური გზა სიტუაციის თავიდან ასაცილებლად, როდესაც ნატო და ცენტრალური ევროპის ქვეყნები საკუთარ ტერიტორიაზე რუს ჯარისკაცებს ებრძვიან, არის დახმარება უკრაინაში რუსეთის დამარცხებაში ჩვენს ტერიტორიაზე“, - განაცხადა კულებამ.
მინისტრის თქმით, როგორიც არ უნდა იყოს ახლა უკრაინის დახმარება, ომის დაწყების ფასი გაცილებით მაღალია, მათ შორის, ადამიანის სიცოცხლის მაღალი ფასის გამო, რომელსაც ახლა უკრაინა იხდის.
მან აღნიშნა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ პუტინს სურს საბჭოთა კავშირის აღდგენა, მისი ამბიციები სცილდება უახლოესი მეზობლების საზღვრებს.
„ის არ ცნობს მრავალი სახელმწიფოს უფლებას იყოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ამიტომ ცენტრალური აზიის ქვეყნებიც უნდა იყვნენ შეშფოთებული“, - დასძინაკულებამ.